პოლონეთში უკრაინის თავდაცვის საწარმოს წარმომადგენელზე თავდასხმის ბრალით უკრაინელი დააკავეს

ვარშავაში პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) 63 წლის უკრაინის მოქალაქე სერგეი პ. დააკავა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის მრეწველობის წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობას ედავებიან.

ეჭვმიტანილი 5 აგვისტოს დააკავეს, თუმცა პოლონეთის ხელისუფლებამ ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა გაავრცელა.

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის მცდელობა კიევის ოლქის ქალაქ ირპენში მოხდა. სერგეი პ.-მ პოტენციური მსხვერპლის მიერ გამოყენებული ავტომობილის ქვეშ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსა და პოლონეთში გაიქცა.

ავტომობილის დისტანციურად აფეთქება იგეგმებოდა, თუმცა დეტონაციის მექანიზმის გაუმართაობის გამო აფეთქება არ მოხდა.

გამოძიების ვერსიით, სერგეი პ. რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. ვარშავის სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით მკვლელობის მცდელობა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონოდ მოპოვება.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს პოლონეთში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სავარაუდოდ გადაბირებული პირის დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა.

13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც აშშ-ისა და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობის მომზადებაში ედებოდა ბრალი. პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებული დონბასში დაბადებული პირია, რომელიც უკრაინელი რეპერის, ალბერტ ვასილიევის, იგივე Kyivstoner-ის წინააღმდეგ თავდასხმას გეგმავდა.

რუსეთში Kyivstoner-ს მოსკოვის ოლქში მდებარე სტრატეგიულ საწარმოზე დრონების მასშტაბური თავდასხმის ორგანიზებაში დასდეს ბრალი.

ასევე დაგაინტერესებთ