პოლონეთის პრეზიდენტი: აგრესორია, ხოლო პუტინი – კრიმინალი, რომელიც პასუხისმგებელია ომის გაჩაღებაზე… მივიღე გადაწყვეტილება, უკრაინის პრეზიდენტს „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოვართვა

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება გასცა. ამის შესახებ განცხადებას ნავროცკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „УПА-ს გმირების”(უკრაინის მეამბოხეთა არმია) სახელწოდების მინიჭებაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობის გამო მიიღო.

ნავროცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი არ დაუშვებს ევროკავშირში მათ შესვლას, ვისაც „ტოტალიტარიზმისა და ძალადობის კულტზე“ უარის თქმის საჭიროება არ ესმის.

„ასეთი სიმბოლო საჭიროებს არა მხოლოდ დამსახურებებს, არამედ ღირებულებებისადმი პატივისცემასაც, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტს წარმოადგენს… ამიტომ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „УПА-ს გმირების” სახელწოდების მინიჭებაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობის გათვალისწინებით, კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, ჩამოვართვა უკრაინის პრეზიდენტს „თეთრი არწივის“ ორდენი“, – განაცხადა ნავროცკიმ.

პოლონური მედია აზუსტებს, რომ ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის საჭიროა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თანხმობა.

ნავროცკიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული უკრაინელი ერის წინააღმდეგ და არ ნიშნავს პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის ცვლილებას.

„მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ უკრაინას, ვინაიდან ვიცით, რომ რუსული აგრესია საფრთხეს წარმოადგენს პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამ შეფასებაში არაფერი შეცვლილა. აგრესორია, ხოლო პუტინი – კრიმინალი, რომელიც პასუხისმგებელია ომის გაჩაღებაზე, რომელიც ევროპისთვის ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ყოველი დაბომბილი საცხოვრებელი რაიონის, ყოველი ბავშვის, რომელიც იძულებულია ომს გაექცეს, ყოველი ოჯახის, რომელიც ძალადობითაა გაყოფილი, უკან დგას კრემლში მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნავროცკიმ.