პირველმა 18-მეტრიანმა ავტობუსმა თბილისში მოძრაობა დაიწყო
31 იანვარს, დილიდან, თბილისში 18-მეტრიანმა ავტობუსმა დაიწყო მოძრაობა. დედაქალაქის მერიამ ახალი ავტობუსები ჯერ მხოლოდ ერთ ხაზზე გაუშვა.
N302 ხაზზე 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანით შეიცვალა. ხაზზე გაშვებული ავტობუსების რაოდენობა (9) არ გაზრდილა.
დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონიდან გამოსული ავტობუსი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მიდის. ის გაივლის:
· დიდ დიღომში რამდენიმე ქუჩას;
· დავით აღმაშენებლის ხეივანს;
· თბილისის საქალაქო სასამართლოს;
· გარემოს დაცვის სამინისტროს;
· ჟვანიას მოედანს;
· ვაჟა-ფშაველას გამზირს;
· მეტროსადგურებს: "სამედიცინო უნივერსიტეტი"; "დელისი", "ვაჟა-ფშაველა", "სახელმწიფო უნივერსიტეტი";
· ბაგების საბაგიროს.
2023 წლის 22 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ახალი ავტობუსები 2024 წლის იანვრის ბოლოდან ივლიდნენ ხაზებზე.
ახალი ავტობუსების გაშვება იგეგმება კიდევ სამ ხაზზე:
· N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;
· N308 (გლდანიდან ორბელიანის(კოლმეურნეობის) მოედნამდე) - გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: "ახმეტელის თეატრი", "სარაჯიშვილი", "გურამიშვილი", "ღრმაღელე", "დიდუბე", "წერეთელი", "მარჯანიშვილი", "რუსთაველი", "თავისუფლების მოედანი";
· N314 (დიდი დიღმიდან ორბელიანის(კოლმეურნეობის) მოედნამდე) - გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.
ავტობუსების მახასიათებლები:
· ავტობუსების რაოდენობა - 160;
· ერთეულის ფასი - 1 618 759 ლარი;
· მწარმოებელი - MAN-ი;
· მოდელი - MAN Lion's City 18C;
· გამძლეობა - 12 წელი და 1 020 000 კმ;
· გამოშვების თარიღი - 2023 წელი;
· სიგრძე - 18,06 მეტრი;
· სიგანე - 2,55 მეტრი;
· სიმაღლე - 3,34 მეტრი;
· კარების რაოდენობა - 4 (შიდა გაღების, ორფრთიანი);
· იატაკი - მთლიან სამგზავრო სივრცეში იქნება დაბალი, გარდა ბორბლებისა და ძრავის სივრცეებისა;
· ტევადობა - 162 მგზავრი (43 დასაჯდომი, მძღოლის ადგილი, 2 დასაკეცი სავარძელი, შშმ პირებისთვის 1 ეტლის ადგილი);
· მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ;
· შესაძლებლობა - შეუძლია 18%-იან დახრილობაზე ასვლა;
· ფერი - დამკვეთთან შეთანხმებით სამ ფერში;
· გათბობა-გაგრილება - ავტობუსს ექნება კონდიცირების სისტემა და შესაძლებელი იქნება ფანჯრების გაღება;
· ელექტრონული მოწყობილობები - WiFi (2 SIM სლოტი) 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, USB დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.
თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. კონტრაქტი დაიდო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი ჯდება, ჯამში კი - 259 მილიონი ლარი.
კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების პირობა 5 წლის წინ დადო, მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, "გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.