პეტერ მადიარმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება აღადგინოს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება აღადგინოს.

კერძოდ, პეტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ დაპირება შეასრულოს და „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება აღადგინოს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს.

ასევე, მადიარმა ზელენსკის მოუწოდა, რომ „შანტაჟს“ არ მიმართოს.

„ჩვენ დათმობებზე არ წავალთ. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მე უკრაინის პრეზიდენტთან არ მისაუბრია, მაგრამ არ ვურჩევ, რომ ეს გზა აირჩიოს. ეს მიუღებელი იქნება არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ევროპაშიც. ევროპელი ლიდერები არ შეეგუებიან, თუ მას უკვე შეთანხმებული საკითხების გადახედვა და ევროპელი ლიდერების შანტაჟი სურს“, – განაცხადა პეტერ მადიარმა.

მადიარის ცნობით, შესაძლოა, „დრუჟბას“ ნავთობსადენით უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება უახლოეს დღეებში აღდგეს.