პარლამენტი იუსტიციის საბჭოს წევრებს უკონკურსოდ აირჩევს — კანონპროექტი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პარლამენტის მიერ ასარჩევი კანდიდატების და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრის ასარჩევად კონკურსი აღარ გამაცხადდება.
ამას ითვალისწინებს „ქართული ოცნებისა“ და მისი განაყოფი „ხალხის ძალის“ კანონპროექტების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული აღარ იქნებიან.
მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტი კონკურსის საფუძველზე ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს. ინიციირებულ კანონპროექტში „კონკურსის საფუძველი“ ამოღებულია და წერია, რომ პარლამენტი ფრაქციის ან პარლამენტის უფრაქციო წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები კი შეირჩევიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან.
საკანონმდებლო ცვლილებებით, სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობა გათვალისწინებული აღარ არის პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევაშიც.
„ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, რომ „აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას“. პარლამენტის რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქცია საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია