პარლამენტთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით - „არა კრემლის დიქტატს“ მიმდინარეობს

„არა კრემლის დიქტატს“ - ამ ლოზუნგით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
აქციაზე იმყოფება, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე.
როგორც მან განმარტა, საქართველოს მოქალაქეებს არაფერი საბოდიშო არ აქვთ.
„არ მეგულება არცერთი ნამდვილი მოქალაქე, ვინც მოისმინა და მოუნდა, რომ ტაში დაეკრა მისთვის. აქ მოვედი მოქალაქე, რომელიც გაბრაზებულია. მოვედი სოლიდარობისთვის. საქართველოს უნდა ჰყავდეს ხელისუფლება რომელიც ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა რუსეთის ინტერესებს“,- აღნიშნა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, გუშინ გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.