“პაპუასებს გვეძახდნენ, ამ გოგომ (რუსმა ტურისტმა) მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (გიორგის)” – კახეთში მომხდარ ინციდენტზე კიდევ ერთი თვითმხილველი წერს

კახეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი თვითმხილველი წერს. ლუკა ლაშხის თქმით, პროვოკაცია და ქორწილის სტუმრების შეურაცხყოფა სწორედ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რუსმა ტურისტებმა დაიწყეს. მისი თქმით, სასტუმროში მყოფმა ერთ-ერთმა რუსმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ფიზიკური შეურაცხყოფაც პირველმა მიაყენა, რის შემდეგაც აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა საპასუხოდ დაარტყა.

ლუკა ლაშხი პოსტში აღნინავს, რომ მათი მხრიდან არც შოვინიზმს და არც რაშიზმს ადგილი არ ჰქონია, რადგან აღნიშნულ სასტუმროში სხვა რუსი ტურისტებიც იმყოფებოდნენ.

ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მაგრამ პროვოკაცია მოწყობილი იყო მათ მიერ, – წერს ახლგაზრდა კაცი.

ნახავდით ვიდეოს. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს.

მათი შოვინისტური ბრალდება თითქოს ჩვენ მათ დავესხით რუსულად საუბრის გამო არის დიდი სიცრუე. შოვინიზმს და რაშიზმს ადგილი არ ჰქონია, რადგან მათ გარდა სხვა რუსულენოვანი სტუმრებიც იყვნენ ლოკაციაზე.

მაქსიმალურად მოვითმინეთ მათი საქციელი. ღვინოს და რაღაც სითხეებს გვასხავდნენ და გვეძახდნენ პაპუასების ქვეყანა ხართო და თან იღებდნენ. მომღერალს აფურთხებდნენ.

იყვნენ არაადეკვატურად მთვრალები და პროვოკაციულები. მაქსიმალური მოწოდებების და სასტუმროს ადმინისტრაციის გაფრთხილების მიუხედავად, არ შეწყვიტეს ჩვენი ხალხის და ქვეყნის შეურაცხყოფა.

სიტუაცია მწვავდებოდა და ადმინისტრაცია ამბობდა რომ დეესკალაციას მოახდენდნენ, მაგრამ სამწუხაროდ სიტუაცია უფრო გამწვავდა. სამწუხაროდ ამ დროს ჩვენი მეგობარი ავიდა მოსალაპარაკებლად და იმის სათქმელად რომ ქორწილს გვიშლიდნენ და მათი საქციელი იყო შეუსაბამო. ამ გოგონამ მოსთხოვა რომ ესაუბრა რუსულად და ჩემი მეგობრის პასუხი იყო რომ საქართველოშია და ან ქართულად ან ინგლისურად დალაპარაკებოდნენ. ამ გოგომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თავს დაესხა. ჩემმა მეგობარმა მრავალჯერ მოიგერია და სამწუხაროდ აფექტის მდგომარეობაში მოხდა ის რაც მოხდა.

ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მაგრამ პროვოკაცია მოწყობილი იყო მათ მიერ. იმდენად მთვრალები იყვნენ რომ განყოფილებაში იგინებოდნენ, ყვიროდნენ, დერეფანში წვებოდნენ და სიტუაციის ანალიზი ჰქონდათ 0.

ეს არ არის გამართლება. ეს არის სრული ისტორია, – წერს ლუკა ლაშხი სოციალურ ქსელში 

კახეთში რუსმა ქალებმა ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამის შესახებ ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში წერს.

ყურიას თქმით, ნომერში რუსებს გაბრაზებული ქართველი კაცი აუვარდა და ერთ-ერთს ხელი დაარტყა. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ვინმეზე ფიზიკური ძალადობა დაუშვებელია, თუმცა მისივე თქმით, რუსმა ქალებმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს და დახმარება კახა კალაძეს სთხოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, რუსი ტურისტების მიმართ რაიმე სახის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.