ალექსანდრე მრელაშვილი: მინდა ორიოდე სიტყვით განცხადება გავაკეთო გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით

“მინდა ორიოდე სიტყვით განცხადება გავაკეთო გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით. უბრალოდ გაურკველობა მოხდა, არაფერი არ მომხდარა. პირიქით, მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციას, საქმეს მაქსიმალურად დეტალურად იძიებს ყველა და არანაირ ძალადობას არც ჩემი მხრიდან და არც პოლიციის მხრიდან ან სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი და მინდა რომ ყველამ იცოდეს და განცხადებაც გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი პოსტი იდება, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია იწერება და მინდა, რომ ჩემმა მეგობრებმა ყველამ იცოდეთ, რაც მოხდა და რაც იყო რეალობა გუშინ. მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა თქვენთვის. კარგად ვარ, მადლობა სიყვარულისათვის…” | ამბობს კახეთში მომხდარის მოწმე, მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი.
🔻 გუშინ მთავარს მიაწოდეს კადრები, სადაც ჩანდა, რომ კახეთში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოწმე, მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი დააკავეს. ვიდეოში ისმოდა: “პოლიცია აკავებს ერთ-ერთ მოწმეს, ალექსანდრე მრელაშვილს”. მანამდე დღეს საღამოს მრელაშვილმა TV პირველთან საუბრისას თქვა, რომ დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, “ვატარებდი საღამოს ქორწილში და ზევიდან ვიღაცა გვასხამდა, არ ვიცი, არაყი იყო, შამპანური იყო თუ რა იყო, სითხეს გვასხამდა და არ გაჩერდა. შემდეგ ისევ გამოდიოდა, იფურთხებოდა და გვლანძღავდა. ვეღარ გავაგრძელეთ ქორწილი. დაზიანებულია თუ არა არ ვიცით [აპარატურა] … ახლა დაკითხვაზე ვარ”
🔻 მოგვიანებით შსს-მ მომხდართან დაკავშირებით განაცხადა: “თელავის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის გამოკითხვა. მან გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა. აღნიშნულ ფაქტზე მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ის დაკავებული არ არის”
🔻 ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვა და სხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.
🔻 მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.