ავღანელ ლტოლვილებს იძულებით აბრუნებს სამშობლოში

ასობით ავღანელი ოჯახი ავღანეთსა და პაკისტანს შორის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ თორხამთან რჩება. ამის მიზეზი ის არის, რომ 31 აგვისტოს ამოიწურა ვადა პაკისტანში დოკუმენტების გარეშე მყოფი ავღანელების ნებაყოფლობითი რეპატრიაციისთვის.
პაკისტანის ხელისუფლება აფრთხილებდა ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე დარჩენილ ავღანელებს, რომ 31 აგვისტოს შემდეგ ისინი დაპატიმრებას ან იძულებით დეპორტაციას დაექვემდებარებოდნენ.
ფეშავარსა და თორხამს შორის მთელ ტრასაზე სატვირთო მანქანების გრძელი რიგებია. მანქანები ავღანელი ლტოლვილებითა და მათი ბარგითაა დატვირთული.
ბევრი ავღანელი ცდილობს გაასაჩივროს ის, რომ რიგში დგომა საათობით უწევთ და ტრანსპორტირების ფასი იზრდება.
ხელისუფლების ვარაუდით, დღეს პაკისტანში მცხოვრები 3 მილიონ 100 ათასი ავღანელიდან მილიონ 300 ათასს დოკუმენტები არ გააჩნია.
ბოლო კვირებში ათასობით მათგანი უკვე დაბრუნდა ავღანეთში. მოელიან, რომ მათი ნებაყოფლობითი რეპატრიაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, პაკისტანის ხელისუფლება განახლებულ სტატისტიკას გამოაქვეყნებს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში მოუწოდებდა პაკისტანს, შეეჩერებინა იმ ავღანელი ლტოლვილების იძულებითი დეპორტაცია, რომლებსაც რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვთ.
გაეროს უწყების სპიკერი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავდა თალიბანის მიერ მართულ ავღანეთში ქალებისა და ბავშვების იძულებით დაბრუნების გამო.
პაკისტანმა 31 ივლისს დაადასტურა, რომ ავღანელი ლტოლვილების დეპორტაცია მოხდებოდა ქვეყანაში “არალეგალურად მყოფი უცხოელების რეპატრიაციის” არსებული გეგმის მიხედვით.
“ჩვენ ვაღიარებთ და ვაფასებთ პაკისტანის გულუხვობას, რომელიც 40 წელზე მეტია მასპინძლობს ლტოლვილებს, საკუთარი გამოწვევების ფონზე. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მფლობელები ათწლეულებია ლტოლვილებად ითვლებიან, მათი იძულებითი დაბრუნება ავღანეთში ეწინააღმდეგება პაკისტანის ხანგრძლივ ჰუმანიტარულ მიდგომას ამ ჯგუფის მიმართ და არღვევს ამ ადამიანების გაუძევებლობის პრინციპს”, – განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის სპიკერის მოადგილემ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა