პაატა ქურდაძე: იქნებ შევიკრიბოთ და ბეტონის სარკოფაგში მოქცეულ თბილისსა და საკუთარ თავს – მუმიფიცირებულ ყოფილ თბილისელებს ქელეხი მაინც გადავუხადოთ…

“ახლა ვიპოვე ვებზე და “სიღრმისეულად შევისწავლე” თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრების პროფესიული ბიოგრაფიები… ძირითადად იურისტები, ფინანსისტები და მენეჯერები არიან… ერთი ორი აგრარული ფაკულტეტის კურსდამთავრებულიც .. არც ერთს არასდროს არანაირი აკადემიური ფორმაცია არ გაუვლია, არა თუ ურბანიზმში, არქიტექტურაშიც კი.. საერთოდ შეხებაც არ ჰქონიათ! საინტერესოა, რაზე კამათობენ ხოლმე, რას ან რის საფუძველზე განიხილავენ… აი მე რომ ახლა გადაწყვეტილებები მივიღო საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკების მშენებლობაზე: ორიენტაციის, საფარის, სიგრძის, სიგანის… პარამეტრები დავადგინო.. ხომ იტყვით, რა შენი საქმეა, სად ეჩრები, რას ყოფ ცხვირს საქმეში, რომლისაც არაფერი არ გაგეგებაო?.. იტყვით კი არა მაგინებთ კიდეც და ცამდე მართალიც იქნებით!… მაგრამ აი საკრებულოს წევრი რომ ვიყო, სულ სხვა დამოიკიდებულება გექნებოდათ… მერიის შესაბამისი სამსახურების ჩინოვნიკი, ან მთლად პარლამენტარი რომ ვიყო მით უმეტეს… უკეთეს შემთხვევაში იფიქრებთ, რომ რადგან ასეთი “სამშობლოში უკიდეგანოდ შეყვარებული და გულანთებული”ღირსშესანიშნავი პერსონა ვარ, არ შეიძლება მთლად უცოდინარი და მავნებელი ვიყო… უარესში კი ვინმეს დავალების შემსრულებელ კორუმპირებულ ლაქიად ჩამთვლით და ამით თქვენს პოლიტიკურად მგძნობიარე გულს მაინც მოიფხანთ… ეჰ..
მართლა არ მესმის, საერთოდ რატომ აწამებთ ბავშვებს, ზემოთ ჩამოთვლილი სამი-ოთხი “საუფროსო” სპეციალობის გარდა სხვა დიპლომებისთვის… ვის რა ჯანდაბად უნდა ეს ინჟინრები, არქიტექტორები, ურბანისტები… მათ კომპეტენტურ ანალიზს კი არა, უფასო რჩევასაც კი არავინ სთხოვს არასდროს, ან თუ სთხოვა ფორმალობის დასაცავად, პასუხს არავითარ შემთხვევაში აღარ მოუსმენს…
🔺ცნობისთვის: ურბანიზმი სხვადასხვა მეცნიერებებისა და ხელოვნების ნაზავია.. ის უამრავ განსხვავებულ დისციპლინას შეიცავს: არქიტექტურას, გეოგრაფიას, ეკონომიკას, სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას, ფილოსოფიას, სემიოლოგიას, კულტუროლოგიას და ა.შ.. ურბანისტის სპეციალობა კიდევ სხვაა.. ლიცენზიის მოპოვებას უზარმაზარი შრომა, სწავლა, ბევრი წლები სჭირდება და ისეთივე ძნელია როგორც ექიმის ან მოსამართლის… ალბათ ხვდებით.. მხედველობაში მაქვს ქვეყნები, სადაც ტერიტორიალურ მოწყობას სპეციალისტები გეგმავენ და არა ბიზნესმენები, მათი ადვოკატები და ბუღალტრები… ურბანისტს ორკესტრის დირიჟორსაც ეძახიან… იერარქიულად მის ზემოთ აღარავინაა, მას ვერავინ უბრძანებს.. ჩვენ როგორც ჩანს უდირიჟორო ორკესტრი გვყავს, რომლის წევები მუსიკოსებიც კი არ არიან, სამოყვარულო დონეზეც კი არ იციან ინსტრუმენტზე დაკვრა.. შესაბამისად აუტანელი ურბანული კაკაფონია მივიღეთ. პრობლემა იმაშია, რომ მუსიკოსებსა და დირიჟორს ი, ორკესტრს ისე მაინც განაახლებ რომ მისი მოსმენა ასე თუ ისე ასატანი გახდეს, სასიამოვნოც კი… ერთხელ დამახინჯებულ და ცხოვრებასთან არაადაპტირებულ ქალაქს კი საუკუნეების მანძილზე აღარაფერი ეშველება, ღმერთმა დაიფაროს… ვინმე პარანოიკმა თუ არ დაბომბა და თავდან ასაშენებელი არ გახდა… თბილისი უკვე ასეთი ქალაქია. სრულიად დეჰუმანიზებული – დისტოპიური.. სადაც ნორმალური ადამიანისთვის ცხოვრება უკვე კარგა ხანია კოშმარია, ახლო მომავალში კი საერთოდ შეუძლებელი გახდება… მაგრამ ეს აღარავის შეაწუხებს, რადგან თაობა, რომელსაც რაღაც… გონივრული თუ არა, სენტიმეტალური ბმა მაინც აქვს ამ ქალაქთან, აღარ იარსებებს… ამიტომ მოდი.. ვინც ჯერ კიდევ, აქა იქ შემორჩენილები ცოცხლები ვართ .. თუ ვიპოვით სადმე ღია, ჯერ კიდევ “განუვითარებელ” ანუ “დეველოპმენტის” გარეშე სივრცეს, იქნებ შევიკრიბოთ და ბეტონის სარკოფაგში მოქცეულ თბილისსა და საკუთარ თავს – მუმიფიცირებულ ყოფილ თბილისელებს ქელეხი მაინც გადავუხადოთ… როგორც “ლხინი შავი ჭირის დროს” ვერნერ ჰერცოგის “ნოსფერატუში”..  რადგან ჩვენს შემდეგ, როგორც ვატყობ ჩვენი და ამ ქალაქის გამხსენებელი აქ აღარავინ იცხოვრებს,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი, ესეისტი, დოკუმენტალისტი .
ცნობისათვის, 28 დეკემბერს თბილისის საკრებულოს სხდომაზე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმა დამტკიცდა, რომლის ფარგლებშიც ადგილზე ორი 52 და 40-სართულიანი ცათამბჯენი აშენდება.
საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს „მშვიდობიანი”’ უწოდა – სამწუხაროდ, ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს