29 აგვისტოს, თბილისში გაიმართა ტრადიციული “შაბათის მარში“, რომელიც ემიგრანტებს და ქვეყანაში ემიგრაციის პრობლემებს მიეძღვნა.
მარშის მონაწილეებმა მსვლელობა ავლაბრის მეტროსთან დაიწყეს და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის წინ დაასრულეს.
მარშის მონაწილეთა თქმით, დღეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ემიგრაციაა.
„2012-2025 წლებში, ქვეყნიდან 1 005 800-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა, ხოლო უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ, თითქმის 300 000 შეადგინა.
ამ ციფრების უკან დაცარიელებული სოფლები და ქალაქებია. სახლები, სადაც აღარავინ ცხოვრობს.
ამ ციფრების უკან გახლეჩილი ოჯახებია – მშობლები, რომლებიც შვილების გაზრდას ვიდეოზარიდან ადევნებენ თვალს.
ქვეყნიდან მიდიან ახალგაზრდები – საქართველო კარგავს თავის მომავალს, ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის მთავარი ინტელექტუალური და ადამიანური რესურსი უნდა იყვნენ.
ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო მხოლოდ ბორია ივანიშვილს ემსახურება“, – ნათქვამია მარშის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ რელიზში.
დღეს უწყვეტი პროტესტის 640-ე დღეა.




