ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორგანიზაციათა დაახლოებით 1%-მა მიმართა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ დასარეგისტრირებლად

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა. პროცესის მეორე დღეს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს უსმენენ, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ სხდომაზე მიიწვია.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა პროცესზე თქვა, რომ ამ დროისთვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ დარეგისტრირების მიზნით განცხადება 233-მა ორგანიზაციამ წარადგინა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, თეიმურაზ ტუღუშმა ტყეშელაშვილს ჰკითხა, სულ რამდენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მოქმედებს საქართველოში? ტყეშელაშვილმა უპასუხა, რომ დაახლოებით 30 000-მდე. შესაბამისად, გამოდის, რომ ამ დროისთვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ დარეგისტრირების მიზნით, განცხადება ორგანიზაციათა 0.77%-მა წარადგინა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით, „არსებობს სახელმწიფო აიპ-ები, არსებობს ფედერაციები, თაროზე შემოდებული ორგანიზაციები, დაახლოებით 30 000-მდე“.
ტუღუშის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რამდენია ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ექცევა კანონის მოქმედების ქვეშ? რაზეც ტყეშელაშვილმა უპასუხა: „რიცხვებთან მიმართებით, მე რომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ, საჯარო რეესტრთან დავაზუსტებ“.
ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.
საქართველოში მოქმედმა აქტიურმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადეს, რომ არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი ოთხი სარჩელიდან ერთის ავტორი სწორედ, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა.
თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს.
აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.