ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს პარლამენტის შენობასთან მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავებისკენ მოუწოდეს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე - „გაათენე საქართველოსთვის“ - ორგანიზატორებმა, პარლამენტის შენობის წინ ტრიბუნიდან დემონსტრანტებს მოუწოდეს, გადაინაცვლონ შენობის უკან.
„ყველას გთხოვთ, გადავინაცვლოთ პარლამენტის უკან და დავიკავოთ მნიშვნელოვანი პოზიციები. ახლა იწყება ყველაფერი. გაუმარჯოს საქართველოს და გელოდებით პარლამენტის უკან“, - მიმართა აქციის მონაწილეებს „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ.
„ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე ზიბზიბაძემ დემონსტრანტებს მიმართა: „9 აპრილის ქუჩით ავდივართ პარლამენტის უკან. ჩვენი მეგობრები არიან იქ გამაგრებულები და შევუერთდეთ...“
უკვე მე-7 საათია, პარლამენტის წინ მიმდინარეობს მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
დილით აქციის მონაწილეები გეგმავენ, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობასთან დახვდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00 საათზე.
სწორედ, ამ დროს არის დანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში შეტანილია ერთადერთი საკითხი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მე-3 მოსმენით განხილვა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.