ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი გაიწვიეს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან გაიწვიეს კანონპროექტი, რომელიც რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში 10 000-მდე აპარტამენტის მშენებლობას და უცხოელებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა.
რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, Эхо Кавказа-ს ცნობით, ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი მისივე ინიციატორმა დეპუტატებმა გაიწვიეს. გადაწყვეტილებას ხელს აწერს, დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბა.
მარიონეტული პარლამენტის დე ფაქტო პრესამსახურის ცნობით, დეპუტატებმა გადაწყვეტილება "დაძაბულობის მოხსნისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით" მიიღეს.
"ხანგრძლივი კონსულტაციების და აქტიური შიდასაპარლამენტო დიალოგის შედეგად, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, პირველ რიგში უხუცესთა საბჭოს, აფხაზი ერის სამამულო ომის გმირების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების, ინტელიგენციის და სხვა დაინტერესებული მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით, ასევე, დაძაბულობის მოხსნისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტის ავტორებმა მიიღეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევის შესახებ". - წერია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.