ნუგზარ წიკლაური – შაილოკივით „გირვანქა ხორცზე“ გველაპარაკება, სინამდვილეში მის კაბინეტს ფიასკო დაემართა – ოპოზიციაში კი ნებისმიერი დაპირისპირება ახლა საჩუქარია ივანიშვილისთვის

გაცილებით დიდი ამოცანები აქვს გადასაწყვეტ ჩვენ ქვეყანას, ვიდრე ოპოზიციაში გარჩევებია. ოპოზიციაში ასეთი ტიპის თავდასხმებს არასდროს მოუტანია შედეგი, ეს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს გაუხანგრძლივებს მმართველობას ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, პოზიციური ლიდერების საჯარო კრიტიკა და სოციალურ ქსელებში დაპირისპირება საზოგადოების კონსოლიდაციას ხელს უშლის.

„ნებისმიერი დაპირისპირება ახლა არის საჩუქარი ივანიშვილისთვის. ნიკა მელიას თავის პოსტში სხვადასხვა პასაჟები ჰქონდა, მაგრამ ერთს მივაქცევ ყურადღებას. მან თქვა, რომ შეიძლება ბევრი რამ გვქონდეს ერთმანეთისთვის სათქმელი, კრიტიკაც იყოს, მაგრამ არის ისტორიული პასუხისმგებლობა, ამიტომ ამ თემებზე ლაპარაკი მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც მთავარი მიზანი იქნება მიღწეული. როდესაც ლიდერების მხრიდან ასეთი განცხადებები ისმის, ამ ლიდერების მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები ერთვებიან ამაში, არის გამუდმებული „ფეისბუქ“ გარჩევები, ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფა, თავდასხმები, ეს არავის არ გვჭირდება. ახლა, რაც გვჭირდება არის საზოგადოების კონსოლიდაცია, გაცილებით დიდი ამოცანები აქვს გადასაწყვეტ ჩვენ ქვეყანას, ვიდრე ოპოზიციაში გარჩევებია. ოპოზიციაში ასეთი ტიპის თავდასხმებს არასდროს მოუტანია შედეგი, ეს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს გაუხანგრძლივებს მმართველობას“,- განაცხადა წიკლაურმა.

მან ასევე შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ფასებთან დაკავშირებული განცხადება და აღნიშნა, რომ კობახიძის ეკონომიკური დაპირებები ვერ შესრულდა, ხოლო მთავრობის პოლიტიკა როგორც ეკონომიკურ, ისე საგარეო მიმართულებით, „ფიასკოა“.

„ვენეციელი ვაჭარში“ – შაილოკივით „გირვანქა ხორცზე“ გველაპარაკება. მართლა გამახსენდა ნანული შევარდნაძის ცნობილი გამონათქვამი, რომ „8 ლარს კარგი დიასახლისი მთელ თვეზე გაანაწილებსო“. მოხდა რეინკარნაცია ადამიანის და გადაიქცა კობახიძედ. სინამდვილეში არის ფიასკო. რაც კობახიძის კაბინეტს დაემართა, ეს არის ფიასკო. ამბობდა, რომ აპრილის ბოლოს ყველაფერი გაიაფდებაო. აპრილის გამოდის და ამბობს, რომ ვითომ ეს პროდუქტი უფრო იაფია, მე წაგიყვანთ სადღაცო და განახებთო… შეიძლება ვიღაცას ცინიზმით სიტყვა მოუგოს, მაგრამ ადამიანებმა არ იციან გაიაფდა თუ გაძვირდა? მარტო ამაში კი არ გამოიხატა მისი ფიასკო. გამოიხატა იმაშიც, რომ ევროპას უფრო დავშორდით, -თან კიდევ უფრო ნაკლები ურთიერთობა გვაქვს“,- განაცხადა წიკლაურმა.