სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი: გეტყვით სინამდვილეში რაც მოხდა: მიადგნენ აფთიაქებს და მოსთხოვეს ფასების დაწევა, მაგრამ …

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მთელი საზოგადოება უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის ეპიცენტრშია. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ერის სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკანასკნელ გზაზე გააცილა, საზოგადოება ყურადღებით აკვირდება პროცესებს, თუ ვინ გახდება პატრიარქი. 2026 წლის 28 აპრილს, 12 საათზე, წმინდა სინოდი საპატრიარქოს რეზიდენციაში შეიკრიბა. სხდომამ ის სამი კანდიდატი გამოავლინა, რომელთაგან ერთ-ერთი მალე საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი გახდება. ეს არ არის მხოლოდ იერარქიული ცვლილება, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია. 13 შესაძლო კანდიდატიდან, რომლებიც მართვა-გამგეობის დებულებით განსაზღვრულ საღვთისმეტყველო და ასაკობრივ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ, არჩევანი შეჩერდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტ შიო მუჯირზე (20 ხმა), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტ იობ აქიაშვილსა (7 ხმა) და ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილზე (7 ხმა). როგორც მათ გამორჩევამდე, ისე მას შემდეგ, მითქმა-მოთქმა არ წყდება. საზოგადოების ერთი ნაწილი უკმაყოფილოა შერჩეული კანდიდატებით, ვინ ხელისუფლების გავლენაზე ლაპარაკობს, სხვები კიდევ უფრო შორს მიდიან და ამ პროცესში უცხოურ გავლენასაც ხედავენ. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

– ჩემთვის, როგორც გარეშე დამკვირვებლისთვის, ეს ყველაფერი უცნაურად ხმაურიანია – მაოცებს საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება, თითქოს არმაგედონი მოდის და ქართლის ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის აირჩევენ პატრიარქად. სინამდვილეში ასე არ არის. გიორგი ხანძთელის შემდეგ ეკლესიის გადამწყვეტი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე არ მახსენდება. გახსოვთ, ალბათ, 9 აპრილი, როგორ ცდილობდა პატრიარქი აეცილებინა ის ტრაგედია, რაც მაშინ დატრიალდა. არადა, იქ ძალიან მორწმუნე ხალხი იდგა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, პატრიარქს არ გაჰყვნენ. ვერ დამისახელებთ ბოლო დროის ქართული პოლიტიკისა და ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებს, სადაც ეკლესიამ გარკვეული როლი ითამაშა. მეტიც, ჩვენი საზოგადოების რწმენის საკითხიც ძალიან საინტერესოა – აგერ ხედავ ხალხი პირჯვარს იწერს, სუფრაზე ღმერთს ადიდებს, მერე კი 15 წუთში ერთმანეთს ხოცავენ – ანუ ამ ქმედებებში რწმენა ძალიან ცოტაა. მაპატიეთ და, მეჩვენება, რომ ეს არის ფარისევლობა. ამიტომაც ვერ ვხედავ გადამწყვეტ როლს იმაში, თუ ვინ იქნება საქართველოს პატრიარქი.

ჯობია, ყველამ თავი დაანებოს ეკლესიას, თვითონ წყნარად, დინჯად აირჩიონ პატრიარქი. ეს მათი შიდა საქმეა და ასეც უნდა იყოს. ნებისმიერი ჩარევა, გინდ ოპოზიციის ან გინდ მთავრობის, ილუზორულია. საბოლოოდ მათ მიერ ლობირებული კანდიდატი მოიქცევა ისე, როგორც ეკლესიას დასჭირდება და არა ისე, როგორც ხელისუფლება ან კიდევ სხვა ვინმე მოინდომებს. ზოგადად, ყოველივე ეს მეჩვენება ძალიან არაჯანსაღად, ავადმყოფურად და არასწორად. თუმცა, შესაძლოა ვერ ვერკვევი საკითხში, რადგან ამ ყველაფრისგან შორს ვარ, თეოლოგიასთან არანაირი კავშირი არა მაქვს.

– გადავიდეთ სხვა მნიშვნელოვან ამბებზე. გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ის, რომ ე.წ. ფასების დაწევის საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და გარკვეული რეკომენდაციებით მიმართა მთავრობას. ახლა მთავრობამ უნდა განიხილოს ეს რეკომენდაციები და შემდეგ გადადგას ნაბიჯები ფასების დასაწევად. მოგეხსენებათ, თავიდან კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ევროპული და ქართული ფასები შეადარა ერთმანეთს და თქვა, რომ ქართული უფრო მაღალია. დღეს კი გვარწმუნებენ, რომ რაღაც შეიცვალა და უცებ ევროპულზე იაფი ფასები აღმოგვაჩნდა, თუმცა მომხმარებელს სავაჭრო ობიექტებში სულ სხვა სიტუაცია ხვდება. როგორ შეაფასებთ კომისიის მუშაობას და თავისუფალი ბაზრის პირობებში რამდენად შეუძლია მთავრობას ხელოვნურად განსაზღვროს ფასები დაიწევს თუ მოიმატებს?

– თქვენ დაგავიწყდათ გაგეხსენებინათ კობახიძის განცხადება, რომ თურმე ნახევარი კილოგრამი საქონლისა და ღორის ხორცის ყიდვა 10 ლარად შეგვიძლია. უფრო ცოცხალი ტყუილი ბოლოს როდის მოვისმინე, არც მახსოვს. აი, ამგვარი მატყუარა მთავრობა გვყავს. ეს პოპულისტურად წამოწყებული ე.წ. ფასების დაწევის კამპანია კი სრულ კატასტროფად მეჩვენება. რაც შეეხება კომისიის დასკვნას, მე იქ ვერც ერთი რეალური რეკომენდაცია ვერ ვნახე. ჩემი აზრით, ამ დასკვნით მხოლოდ ერთი რამ ითქვა – ხელისუფლება ფასებთან ვერაფერს გახდება.

ჯერ ყვიროდა, იმპორტიორების ბრალია ფასების გაზრდაო, მერე აღმოაჩინა, დისტრიბუტორების ბრალი ყოფილაო, ბოლოს კი გაირკვა, რომ არც ეს ყოფილა მიზეზი – თურმე კანონმდებლობაა ხარვეზიანი, ამასთანავე, ბანკების საკითხი დადგა დღის წესრიგში, ინფრასტრუქტურა აღმოჩნდა სრულიად შესაცვლელი და ა.შ……

ახლა მოგიყვებით, რეალურად რა მოჰყვა ამ პოპულიზმს – მიადგნენ აფთიაქებს და მოსთხოვეს ფასების დაწევა, შედეგად გაქრა არაერთი წამალი. მაგალითად, ერთი მათგანი მეც დამჭირდა და იძულებული გავხდი თურქეთიდან გამომეწერა. აი, ეს არის მათი მუშაობის შედეგი.

ვრცლად