ქართველი ემიგრანტების ჯგუფი პროტესტით დახვდა ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს და საგარეო უწყების მაღალჩინოსნებს, რომლებიც ერთ-ერთ ქართულ რესტორანში მივიდნენ.
„არ გრცხვენიათ?!“ – ისმოდა ემიგრანტების შეძახილები.
მაკა ბოჭორიშვილი რესტორანში ემიგრანტების შეძახილების ფონზე შევიდა. ბოჭორიშვილს თან ახლდა თავის მოადგილე ლაშა დარსალია, გაეროში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე და საგარეო სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის არჩილ ყარაულაშვილი.
თავდაპირველად ემიგრანტებში გავრცელებული ინფორმაციით, იმავე რესტორანში კობახიძეც უნდა მისულიყო, თუმცა ეს ინფორმაცია ან სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ან პროტესტის დაანონსების პარალელურად, როგორც ჩანს, მან მისვლა გადაიფიქრა.
ემიგრანტებმა არჩილ ყარაულაშვილს მათთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევაზე ჰკითხეს. ერთ-ერთ ემიგრანტს, რომელიც ყარაულაშვილს ეუბნებოდა, რომ იმიტომ არიან წასულები ემიგრაციაში, „ლუკმა-პური მიაწოდონ ოჯახებს”, საგარეო უწყების მაღალჩინოსანმა უპასუხა: „საქართველოშიც არის სამუშაო ადგილები“. „ქართული ოცნების“ სამთავრობო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე დასასწრებადაა ჩასული.




