ნინო წილოსანი ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, განსაკუთრებული ყურადღება კი გენდერული თანასწორობის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე გაამახვილეს.
„ნორვეგია არის ერთ-ერთი ძირითადი კონტრიბუტორი იმ დონორი ორგანიზაციების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბევრი პროექტის დაფინანსებაც სწორედ ნორვეგიის მთავრობიდან მოდის. შესაბამისად, გენდერული თანასწორობა მათი პოლიტიკის პრიორიტეტია და ჩვენი თანამშრომლობაც ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რაც გენდერული თანასწორობის მიმართულებით აქვს ჩვენს ქვეყანას და შევთანხმდით სამომავლო გეგმებზე”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, ნორვეგიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.
„შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ორგანულ წარმოებაზე და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაზე სოფლის მეურნეობაში. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიას აკვაკულტურის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარება ჩვენს ქვეყანას გამოადგება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნორვეგიაში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს ქართული ღვინის ექსპორტი. ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი ყოველთვის იქნება გაკეთებული და ქართველ მეღვინეებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ იმ სამომავლო აქტივობებზე, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს დაეხმარება გაიზიარონ ნორვეგიელი კოლეგების ცოდნა და გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი პოლიტიკისა და გატარებული რეფორმების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)