ლევან ხაბეიშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ჩეხეთი საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და მხარდამჭერია, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.
„შევხვდით ჩეხეთის ელჩს და ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომელიც ეხება ევროკავშირში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებს. ცხადია, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომელიც აქვს ჩვენს მოქალაქეს და იმ მილიონობით და მილიარდობით დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც შესაძლებელია, რომ საქართველოში მოვიზიდოთ იმ პირობებში, როცა ევროკავშირის წევრები გავხდებით ძალიან მალე; როცა საქართველოში აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. ასევე, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც მიეცა საქართველოს მოქალაქეს და ნაცვლად იმისა, რომ მათ ემიგრაციაში ეძებონ სამუშაო ადგილი, საქართველოშიც შეიძლება ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა. შესაბამისად, ჩეხეთი საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და მხარდამჭერია, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამიტომ, ჩვენ ყველასთან, ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის არჩევანი, ხმა იყოს დაცული, იყოს გარანტირებული ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა