ნინო ნადირაძე: სად არის სინდისი, რომ იმის პატიმრები იყვნენ. მებრძოლი ადამიანები მიყვარს. მაგრამ, რომ ვხედავ ეს მებრძოლი ადამიანი ტირის, მოთქვამს, ზმუის… (ვიდეო)

აჭარის ტელევიზიის ეთერში “ვივამედის” დირექტორმა, ნინო ნადირაძემ სინდისის პატიმრებზე ისაუბრა.
“სად არის სინდისი, რომ იმის პატიმრები იყვნენ. მებრძოლი ადამიანები მიყვარს. მაგრამ, რომ ვხედავ ეს მებრძოლი ადამიანი ტირის, მოთქვამს, ზმუის, სახსარი მტკივა, თირკმელში კენჭი მაქვს… არ “რევოლუციონერებენ” ბოლომდე, რომ მე გამიჩნდეს მათ მიმართ მხარდაჭერის სურვილი. თან “რევოლუციონერობა” უნდათ, თან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უნდათ. რევოლუცია თუ გინდა, ამდენი მოთქმა-ტირილი, სმოილი, ვაება… კაცო, რევოლუცია ნიშნავს ციხეზეც უნდა წახვიდე, ნარებზეც უნდა დაწვე, იქიდანაც უნდა იბრძოლო,” — განაცხადა ნადირაძემ [სტილი დაცულია]
ნადირაძეს ელენე ხოშტარიას “ვივამედში“ ეტაპირებაზეც დაუსვეს კითხვა, რაზეც მან უპასუხა: “ვიცი, ხო, კიდევ კაი, შაბათ-კვირა შემარგეს…“
“ვიცი, ხო, კიდევ კაი, შაბათ-კვირა შემარგეს. FB-ზე ვნახე, რომ რაღაც ხვალ-ზეგ აპირებენ [ეტაპირებას]. არ დაურეკავთ ჩემთვის და არაფერი უთქვამთ. მაგრამ, როდესაც პაციენტი გახდება, მასზე, რა თქმა უნდა, ხმას არ ამოვიღებ არასოდეს. რა ვქნა, ეს წესია, ოქროს წესია. პაციენტი სანამ არის, ის არის პაციენტი“, — განაცხადა ნადირაძემ.
ცნობისათვის, პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულები და ბრალდებულები, ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში, ძირითადად “ვივამედში” გადაჰყავს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიას რუსთავის N5 ქალთა დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში“ გადაჰყავთ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის განმარტებით, პატიმრის გადაყვანა უახლოეს ორ დღეში იგეგმება, სადაც მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ, 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. მისი თქმით, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას შესაძლოა მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი და ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. ელენე ხოშტარიამ ციხიდან მრავალჯერ დააფიქსირა, რომ ის მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებას არ აპირებს და “არც არაფრის თხოვნას“.