არქივი28 აგვისტო, 2024, 20:36
ნინო კალანდაძე: 200 წლიანი მონობის და 30 წლიანი რუსეთთან ომის შემდეგ, ახლა მხოლოდ საღი აზრის და სწორი დასკვნების გამოტანის დროა
"საქართველოში შევარდნაძის ხელისუფლების პროევროპული ძალებით ჩანაცვლება პუტინის მიერ აღიარებული პრობლემა იყო რუსეთისთვის. ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია, მისი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება ნიშნავდა რუსული კონტროლის დაკარგვას თბილისზე და მოსკოვისთვის სახიფათო მაგალთს რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც დაინახავდნენ, რომ შესაძლებელია ცხოვრება რუსეთის გარეშე. რომ ეს ცხოვრება განვითარებას, დივერსიფიცირებულ საგარეო პოლიტიკას, უარს კრიმინალსა და კორუფციაზე ნიშნავდა.
სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 2004 წელს, განიზრახა პუტინმა, რომ საქართველოს პროდასავლური მისწრაფებები უნდა ჩაეხშო, ხოლო მისი პროდასავლური ხელისუფლება არა მხოლოდ დაემარცხებინა და ანტიდასავლურით ჩაენაცვლებინა, არამედ იგი უნდა დაესაჯა კიდეც სამაგალითოდ. რათა სხვა ვერც ერთ მმართველს რეგიონში ვეღარ გაებედა მოსკოვისთვის ექცია ზურგი.
რუსული სპეცსამსახურები აფინანსებდნენ პროპაგანდისტულ ტელე და რადიო არხებს, ბეჭდვით მედიას და ათასგვარ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ კონსპირაციების, ჭორებისა და დეზინფორმაციისადმი მოწყვლად საზოგადოებაში. ხალხს ურეცხავდნენ ტვინს და უნერგავდნენ ათასგვარ სიბინძურეს. ორჯერ ჰქონდათ მცდელობა მოეწყოთ რევანშისტული კონტრევოლუცია - 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს. კაგებეს ქართველი აგენტურით და შევარდნაძის დროინდელი ნომენკლატურის მეშვეობით.
აღმოჩნდა რა ყველა მცდელობა წარუმატებელი, რუსეთმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესაჩერებლად განახორციელა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო პროპაგანდისტული გზავნილებით „დაბომბა მძინარე ცხინვალი, გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს, დაგვაკარგვინა ტერიტორიები“ წინსწრებით აღჭურვა მისი ქართული აგენტურა და მოამზადა ნიადაგი ლეგიტიმური, პროდასავლური ხელისუფლების დასასჯელად და გასასამართლებლად. რამაც არ იმუშავა 2007, 2008 და 2011 წლებში, იმუშავა 2012 წელს. რუსული სპეცოპერაციის გზით, ეფესბემ რუსი ოლიგარქით და მისი აგენტურით ჩაანაცვლა საქართველოს პროევროპული ხელიუფლბა, მოაწყო რა, ამ ჯერზე, არა სამხედრო პუტჩი, არამედ „დემოკრატიული გადატრიალება“.
საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობისთვის დაისაჯა ქყვეყნის პირველი დემოკრატიული პრეზიდენტიც. კაგებეს პროპაგანდით, ქართული აგენტურის და საბჭოთა ნომენკლატურის ხელით.
2030 წელს უკრაინა და მოლდოვა გახდებიან ევროკავშირის წევრები. თუ საქართველოც ამ დროს შევა ევროპის კავშირში, რუსეთი დაკარგავს კონტროლს კასპიისა და შავი ზღვის რეგიონზე - ესაა რისიც სინამდვილეში ეშინია მოსკოვს. და ესაა, რისთვისაც საქართველოს მოუვლინა ივანიშილი.
არავინ უარყოფს წინა ხელისუფლების მიერ ჯერ გამოუცდელობით და შემდეგ ძალაუფლებლის ხიბლში დაშვებულ შეცდომებს, გადაცდომებს, თუ დანაშაულებრივ ქმედებებს, რისთვისაც მან აგო პასუხი. სამხედრო დანაშაული მათ შორის არ არის. ისევე, როგორც არ არის სახლემწიფოს მიერ არჩეული დასავლური განვითარების კურსიდან გადახვევის არც ერთი შემთხვევა. პროდასავლური პოლიტიკური ძალების დასჯას და აკრძალვას არ ითხოვს ბორის ივანიშვილი. ამას ითხოვს ვლადიმერ პუტინი მისი ქართველი აგენტურისგან - ოლიგარქის კომპრომიტირებული საოკუპაციო რეჟიმისგან.
ესაა სიმართლე. თუნდაც უსიამოვნო. ახლა, აღარც ანალიზის დროა, აღარც ვინმეს შეცდომების ჩამოთვლის. რუსული პროპაგანდაც სახეზეა, ეფესბეს აგენტურაც და კორუფციაში ჩაფლული, კორუფციისთვის მებრძოლი ნომენკლატურაც. 200 წლიანი მონობის და 30 წლიანი რუსეთთან ომის შემდეგ, ახლა მხოლოდ საღი აზრის და სწორი დასკვნების გამოტანის დროა. საქართველოს სახელმწიფოებრიობა უფსკრულის პირასაა.
გილოცავთ მარიამობას. საქართველომ უნდა გაიმარჯვოს," - წერს სოციალურ ქსელში „ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, ნინო კალანდაძე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.