ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო ზურიაშვილი: არსად დავრეგისტრირდებით, არაფრის გვეშინია!

ნინო ზურიაშვილი 1997 წლიდან ჟურნალისტად მუშაობს. 2005 წელს მან კოლეგებთან ერთად დამოუკიდებელი საგამოძიებო მედიაორგანიზაცია „სტუდია მონიტორი“ დააფუძნა და დღემდე მისი რედაქტორია.

"სტუდია მონიტორის" გამოძიებებს მოპოვებული აქვს: ჯიპა ფრიდმანის (8-ჯერ), ევროკავშირის (7-ჯერ), ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის (11-ჯერ), ევროპის ფონდის (2-ჯერ) პრიზები. ზურიაშვილს კი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებებისთვის მიღებული აქვს IRE-ის, ჯიპა ფრიდმანის და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზები.

თითქმის 25-წლიანი გამოცდილების მქონე გამომძიებელ ჟურნალისტთან ინტერვიუში წაიკითხავთ კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლებების დამოკიდებულებას შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე.

როგორც ვიცით, განათლებით ეკონომისტი ხართ, როგორ მოხვდით ჟურნალისტიკაში? 

ხომ იცი, როგორც ხდებოდა?! 90-იანი წლები იყო და უმუშევარი ვიყავი, ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა ერთ-ერთ გაზეთში სწორედ, ეკონომიკის თემებზე წერა. ამის შემდეგ სხვადასხვა გაზეთში ვწერდი, რადგან მაშინ ასეთი გამოცემები მალე იხურებოდა ხოლმე. დავიწყებდი სადღაც მუშაობას, დაიხურებოდა, წავიდოდი სხვაგან, შემდეგ ისიც იხურებოდა და ასე… ბოლოს აღმოვჩნდი გაზეთ „კავკასონში“, სადაც შედარებით დიდხანს გავჩერდი. სწორედ მაშინ, 1998 წელს "კავკასიის ინსტიტუტმა", გია ნოდია ხელმძღვანელობით, გამოაცხადა კონკურსი  ჟურნალისტური გამოძიების გრანტის მისაღებად, რომელიც მოვიგე. ნიუსების კეთება არ მომწონდა, იყო სისწრაფე და ზედაპირულობა, ახალი ამბების ჟურნალისტებს საკითხში ჩაღრმავებისა და მასალის კარგად მოძიების დრო არ აქვთ. სწორედ ამ გრანტის მეშვეობით პირველად გავაკეთე  ჟურნალისტური გამოძიება და ამის შემდეგ - კიდევ რამდენიმე. 2000 წლის ივლისში აკაკი გოგიჩაიშვილმა „60 წუთში“ მიმიწვია. მანდ უკვე საბოლოოდ, მივხვდი, რომ ეს საქმე ძალიან მაინტერესებს.

როგორი იყო ჟურნალისტისთვის შევარდნაძის მთავრობის პირობებში მუშაობა? რა დაბრკოლებებს გიქმნიდათ “მოქალაქეთა კავშირი”? 

შევარდნაძის მთავრობა ჩვენ ვერაფრით გვიშლიდა ხელს. მუქარები მაშინაც იყო, სიკვდილითაც კი გვემუქრებოდნენ მე და ჩემს მეგობრებს, მაგრამ იმ წლებში ძალა ჩვენს ხელში იყო და ეს ძალა ძალიან დიდი რეიტინგი იყო, რაც ცალსახად, გავლენასა და ნდობას ნიშნავდა. დღესაც კი ბევრი მიცნობს როგორც „60 წუთის“ ჟურნალისტს და არა როგორც „სტუდია მონიტორისას“. ეს არის ის ერთადერთი, რაც იმ პერიოდიდან მენატრება. ამ რეიტინგისა და ნდობის  გამო იყო, რომ არავითარი მუქარის ჩვენ არ გვეშინოდა. ერთხელ ამერიკის საელჩოში ვიყავით და ელჩს ვუამბეთ მუქარების შესახებ, მან პირდაპირ გვითხრა: Go public.  ეს იყო ჩვენი დაცვა, ყველაფერზე ღიად ვლაპარაკობდით და ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა ხალხში. პოლიციასაც ყოველთვის მივმართავდით, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთი ხელისუფლების პირობებში მე არ მახსოვს მხარდაჭერა და დაცვა პოლიციისგან. ალბათ, ისე წავალ ჟურნალისტიკიდან, შეგრძნება, რომ ჩემი სახელმწიფო  მიცავს, არ მექნება.

იმ პერიოდში, საგამოძიებო ჟურნალისტიკა თქვენთვის ყველასთვის სიახლე იყო. შეცდომები თუ იყო თქვენი მხრიდან? 

ამაზეც აუცილებლად ვიტყვი. კი, რა თქმა უნდა, შეცდომები გვქონდა ადრეულ ეტაპზე და მათ შორის, ძალიან უხეში შეცდომებიც. მაშინ ეთიკის კოდექსიც კი არ არსებობდა და არც ადამიანი არსებობდა, ვინც ამას გვასწავლიდა. ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომებს მე პირადად სტუდენტებს ვასწავლიდი ხოლმე, როგორც მაგალითს, რატომ და რა ტიპის შეცდომა იქნა დაშვებული კონკრეტულ შემთხვევაში. 

ცხადია, ეს იყო და ამიტომაც, შემდეგ უკვე მე თვითონ აქტიურად ვიყავი ეთიკის ქარტიის შექმნაში ჩართული, იმისათვის რომ დაწერილი კოდექსი გვქონოდა. ახლა, უკვე "სტუდია მონიტორში", გარდა იმისა, რომ ხელს ვაწერთ ეთიკის კოდექსს, რამდენიმე დამცავი მექანიზმიც გვაქვს.

წარმოიდგინეთ, როდესაც "სტუდია მონიტორში" მზადდება მედიაპროდუქტი იმას ამოწმებს: იურისტი, სამი რედაქტორი, შიდა ფაქტჩეკერი და იურისტი - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“. ისინი ყველა რიცხვს, თარიღს, დოკუმენტს თავიდან ბოლომდე ამოწმებენ, რომ სადმე რამე შეცდომა არ გაიპაროს.

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.