“ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი, საზოგადოება მალე დაინახავს, ვინ ჩამოჯდება ამ პოლიტიკურ პუფზე” – ალუდა ღუდუშაური

“საინტერესოა, რას ჰპირდება საზოგადოებას , საარჩევნო კამპანიის დროს რა დაპირებას გასცემს, როცა არცერთი დაპირება არ შეუსრულებია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის პუფი და საზოგადოება კარგად დაინახავს, ვინ ჩამოჯდება ამ პუფზე,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაური ნიკა მელიას მიერ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას და ახალი პარტიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.
“მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად, მელია “ნაციონალური მოძრაობიდან” გააგდეს, პარტიის კარს უკეტავდნენ, ვხედავდით, როგორ ცდილობდა, როგორმე გადამძვრალიყო ფანჯრიდან და კვლავ “ნაციონალურ მოძრაობას” მიკედლებულიყო. მისი წარსულიდან, ქმედებებიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი. საზოგადოება მალე დაინახავს, ვინ ჩამოჯდება ამ პოლიტიკურ პუფზე.
კარგად გვახსოვს მისი განცხადებები, ჯერ ამბობდა, რომ ვერავინ დაიჭერდა, თუმცა გვახსოვს, როგორ აღსრულდა მის თავზე კანონმდებლობა. შემდეგ იყო განცხადება, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და გირაოს სანაცვლოდ საპატიმროს დატოვებას არ აპირებდა. კარგად გვახსოვს, როგორ გამოვარდა, ძალიან კარგად მიიღო ეს პირობა. ამის შემდეგ ილანძღებოდა და ამბობდა, ოპოზიციიდან პუფი იქნებოდა ყველა, ვინც პარლამენტში შემოვიდოდა.
საზოგადოებამ დაინახა, როგორ შემოვარდა პირველი ნიკანორ მელია. ამ განცხადებების, უპრინციპობის, უთავმოყვარეობის შემდეგ რა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადზე შეიძლება იყოს საუბარი. საინტერესოა, საზოგადოებას რას ჰპირდება, საარჩევნო კამპანიის დროს რა დაპირებას გასცემს, როცა არცერთი დაპირება არ შეუსრულებია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის პუფი და საზოგადოება კარგად დაინახავს, ვინ ჩამოჯდება ამ პუფზე.
არაფორმალურ გავლენებზე ნიკა მელიას ყოფილმა თანაგუნდელებმა უთხრეს, რომ ეს ყველაფერი მაშინ არ იყო, როცა არაფორმალური მმართველობის შედეგად იღებდა “სიკეთეებს”. სუფრასთან თამადის გვერდით ჯდომის უფლება როცა ჰქონდა, მაშინ პრობლემა არ ჰქონდა კეზერაშვილებთან, მერაბიშვილებთან და სხვებთან. თურმე პრობლემა გასჩენია, როცა გაწიეს და შიდა კლანურ ვითარებაში ჩააჩოჩეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მელია ეუბნებოდა მათ ლიდერს თუ ბელადს, უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილს, რომ მისი ერთგულია და ებღაუჭებოდა იმ კარის სახელურს, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი ჰქვია. პრაქტიკულად, თვეების განმავლობაში აგდებდა პანღურით ხაბეიშვილი და კვლავ “ნაციონალური მოძრაობის” სახელურს ებღაუჭებოდა,”-განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ