ნიდერლანდურმა კორპორაცია Royal Swinkels-მა Georgia Capital-სგან ლუდის და დისტრიბუციის ბიზნესი იყიდა

საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა "საქართველოს კაპიტალმა" (GCAP) ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესი გაყიდა - ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა.
საუბარია კომპანია "გლობალ ბიერ ჯორჯიაზე", რომელიც საქართველოში "ყაზბეგის" ლუდისა და ლიმონათის ბრენდების, ასევე "აისის", "შავი ლომის", საქართველოში "Heineken"-ის, Amstel-ის, Krusovice-სა და სხვა საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორია. აღნიშნული ბიზნესის მყიდველი ნიდერლანდული კორპორაცია Royal Swinkels-ი გახდა. ჯგუფი ევროკავშირში ლუდის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის შემოსავალიც 2023 წელს 1.12 მილიარდი ევრო იყო.
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ტრანზაქცია შედგება ერთობლივი კომპანიის მეშვეობით, რომელიც ნიდერლანდებში იქნება რეგისტრირებული, საუბარია კომპანია Dutch Holdco-ზე, რომელშიც GCAP-ი იქნება მინორიტარი 20%-იანი აქციონერი, ხოლო Royal Swinkels-ი 80%-იანი წილის მფლობელი იქნება. ამასთან, ტრანზაქციის შეთანხმება ითვალისწინებს Royal Swinkels-ის მიერ "გლობალ ბიერ ჯორჯიაში" დარჩენილი 20%-იანი წილის გამოსყიდვასაც.
GCAP-ის განცხადების თანახმად, "გლობალ ბიერ ჯორჯიას" 80%-იანი წილის რეალიზაციით მისაღები შემოსავლის მოცულობა 63 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, ხელშეკრულებას ესაჭიროება საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანხმობა, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება სააგენტომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიიღოს.
bm.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.