ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ავარიული გზის მოწესრიგებას ითხოვენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქობულეთში სოფელ ხუცუბანში ავარიული გზის მოწესრიგებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული გზა ქალაქთან 5 სოფელს აკავშირებს.
ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლაშა კომახიძის თქმით, გზის საფარი მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებამ და ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებამ მწყობრიდან გამოიყვანა.
კომახიძე ცენტრალურ ხელისუფლებას პრობლემის დროული მოგვარებისკენ მოუწოდებს, რომელმაც თავის დროზე მდინარიდან ინერტული მასალის ამოღებაზე ნებართვა გასცა.
„ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი მძიმე ტექნიკის გაუთავებელი გადაადგილება გახლავთ, რომელიც მდინარე კინტრიშიდან ამოღებული ინერტული მასალის გამოა გამოწვეული. ამის შედეგად ივანიშვილის პარტიის მესვეურებმა ჯიბეები გაისქელეს და ამ ყველაფრის შედეგად მოქალაქეებს, ხუცუბნელებს, ქობულეთელებს ნორმალურ პირობებში ცხოვრების და გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ. მთლიანად პასუხისმგებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს და მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ზოიძეს ეკისრება. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ხალხზე, ხალხის პრობლემებზე იზრუნოს, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნას, ისინი მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გამდიდრებაზე ფიქრობენ“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.