ნატო-ს სამხედრო შტაბბინის პრესსპიკერის მარტინ ო’დონელის განცხადებით, დრონი, რომელიც ალიანსის გამანადგურებელმა დღეს რუმინეთში ჩამოაგდო, სავარაუდოდ, რუსული იყო.
„კვირას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები გამოძიების პროცესშია, თუმცა, როგორც ჩანს, დრონი რუსულია“, – აღნიშნა მარტინ ო’დონელმა.
ნატო-ს F-18 გამანადგურებელმა ჩამოაგდო დრონი, რომელმაც რუმინეთის ეროვნული საჰაერო სივრცე უკანონოდ დაარღვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს მეოთხე უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც მიმდინარე წელს ქვეყნის თავზე ჩამოაგდეს.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს დრონის წარმომავლობა არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ ის რადარმა დააფიქსირა, როდესაც მეზობელი მოლდოვიდან ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთის ქალაქ გალაციდან 24 კილომეტრში ჩრდილოეთით. სამინისტროში განმარტავენ, რომ ესპანეთის საჰაერო ძალების F-18 ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც მიხაილ კოგელნიჩეანუს სახელობის 57-ე საჰაერო ბაზაზე საბრძოლო პატრულირებას ახორციელებდა, სამიზნესთან სარადარო კავშირი დაამყარა და ჩამოგდების ნებართვა მიიღო. გამანადგურებელმა დრონი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოაგდო. სამიზნის ნამსხვრევების სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილი გალაცის ოლქში, ბელენისა და კუდალბის სოფლებს შორის მდებარეობს.




