პროფესორი ნანა დიხამინჯია:
ეს ფორმებიო თანასწორობისთვის შემოგვაქვსო და ვიღაცა ორი დღის კომპანიას გადაუხადეს ტონა ფული.
მერე ეტყობა ნათესავებმა უთხრეს, ამას ჩვენს შვილებს ვერ ჩავაცმევთო, თქვენსავით კერძო სკოლებში კი არ გვყავს ყველას ბავშვებიო. ამიტომ გამობრძანდა მინისტრი და ვინ გიშლით, თქვენით შეიკერეთო.
თქვენით შეიკერეთო და უცებ აღმოცენდა სხვადასხვანაირი სამკერვალოები – თუ შვილი გიყვართ, ჩვენთან იყიდეთ უფრო ძვირად უფრო რბილი და ტანზე მორგებული ფორმებიო. სადაც არ აღმოცენდა, კერძო მკერავებთან აკერვინებენ ცოტა უფრო შეძლებული მშობლები. ოღონდ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდესო და როგორ მაინტერესებს – დირექტორი კარებში სანტიმეტრით ხელში დადგება თუ თვალით შეამოწმებს, როგორ თარგზე მოჭრა მკერავმა ფორმა და რამდენი პლისე დაუმატა?
მერე აუტიზმის სპექტრის ბავშვების მშობლებმა – ხო კარგად ხართ, ასეთი უხეში ფორმა კი არა, სენსორული დარღვევის მქონე ბავშვებს მაისურების მასალასაც კი ფრთხილად ვურჩევთო. უიო, კი გვიწერია ინკლუზიური სწავლებაო, შემოირტყეს სამინისტროში თავზე ხელი და ამ მშობლებს უთხრეს, ცნობა მოიტანეთ და არ მოვთხოვთ თქვენს შვილებს ფორმასო.
ანუ ახლა სკოლებში გვეყოლება ბავშვები, ვისაც ეს ერთ თარგზე მოჭრილი ფორმა უშნოდ მოერგო და მთელი წელი უნდა ატაროს და სარკეში საკუთარი თავი ეჯავრებოდეს, ბავშვები, ვისმა მშობლებმაც ნაირ-ნაირი, ზაფხულის და ზამთრის მასალებით, ტანზე კოხტად მორგებული ფორმები შეუკერეს და ბავშვები, ვისი სენსორული დარღვევებიც უკვე მთელი სკოლისთვის გახდება ცნობილი, რადგან მათ ფორმა არ ეცმევათ.
აიი, რა მაგარი თანასწორობაა და როგორი ინკლუზიური განათლებაა! და ამაში რა კოხტად გადავყარეთ ბიუჯეტის 30 მილიონი!
ოღონდ მეორე-მეექვსე კლასების მშობლებს მაინც უწევთ სკოლისთვის სტანდარტული ტანსაცმლის ყიდვა, რადგან მათთვის ფორმები შემდეგ თვეებში ეტაპობრივად იქნება ხელმისაწვდომი, როდის – არ იციან 
ამასობაში ვსწავლობთ, რომ საქართველოს ბავშვების მეოთხედი დანგრეულ სკოლებში დადის, მეორე მეოთხედი – მეორე და მესამე ცვლაში, ნაწილს სკოლაში წყალი საყიდი აქვს, ნაწილს – ჭამის დროც კი არ აქვს. ხოლო თვითონ ამ სამარცხვინო, უსაქმურობისასმახათისყრის რეფორმის შემქმნელთა შვილები – უძვირეს კერძო სკოლებში იღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას, ძირითადად – 12 წლიანს.
პ.ს. კაი ხანი არაფერს არ ვწერდი ამ ფორმებზე, იმიტომ რომ ბევრად უფრო მძიმე პრობლემებს გვაყრიან თავზე, მაგრამ ამათი უტიფრობა ჭკუიდან მშლის ზოგჯერ. და მიდგომა ერთი და იგივეა: რა ხარისხითაც ამ ფორმების საკითხს მიუდგნენ, ზუსტად ასევე უდგებიან სკოლების მშენებლობის, სახელმძღვანელოების დაწერის, მასწავლებელთა ანაზღაურების და კვალიფიკაციის საკითხებს.




