მოსკოვში ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში პოლიცია ჩხრეკას ატარებს
მოსკოვში რუსული ოპოზიციური გამოცემა Новая газета-ს ოფისში პოლიციის ნიღბიანი თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ. ამის შესახებ თავად გამოცემა იუწყება.
"ჩვენ არ ვიცით მიზეზი - რედაქციის ადვოკატებს არ უშვებენ პოტაპოვსკის ოფისში, სადაც თანამშრომლების ნაწილიც იმყოფება" - ნათქვამია რედაქციის განცხადებაში.
გამოცემის ადვოკატმა, კალოი ახილგოვმა განაცხადა, რომ Новая газета-ს რედაქციაში მივიდა, მაგრამ ნიღბიანმა პირებმა შენობაში არ შეუშვეს - ამის მიზეზად ადვოკატს უთხრეს, რომ ის "ზედმეტად ოდიოზურია".
"გავარკვიეთ, რომ ჩხრეკას ატარებს მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტი. სავარაუდოდ, საქმე ეხება პუბლიკაციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს" - დაწერა მან საკუთარ Telegram-არხზე.
სამთავრობო მედია РИА Новости-ს წყარო სამართალდამცავი ორგანოებიდან ამტკიცებს, რომ Новая газета-ში მიმდინარე ჩხრეკები პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების საქმესთანაა დაკავშირებული. სხვა დეტალებს მედიის წყარო არ ასახელებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.