მორიგ რუს გენერალსაც ესროლეს – “წერტილოვანი“ შურისძიება უკრაინის დამბობველი რუსული ავიადივიზიის მეთაურზე…

რუსეთის სარატოვის ოლქის დასახლება პრობუჟდენიაში მაღაზიიდან გამოსულ მამაკაცს მოტოციკლეტიანმა ბაიკერმა, რომელსაც შლემი ეხურა, ახლო მანძილიდან, პისტოლეტიდან ორი ტყვია ესროლა-მკერდში და სახეში,რის შემდეგაც მოტოციკლეტი ადგილს მოწყდა და დიდი სისწრაფით გაუჩინარდა…

ეს იქნებოდა მორიგი რუსული პერიფერიული სისხლიანი გარჩევა, რომ არა ბაიკერის სამიზნე-კაცი, რომელსაც ხელი მიუწვდება უმაღლესი დონის საიდუმლოებაზე და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შეუძლია გასცეს ბრძანება ჩრდილოეთ ამერიკის მთელ კონტინენტის პირისაგან მიწისა აღგვისთვის…

მოტოციკლეტიანი კილერის სამიზნე გახდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 22-ე გვარდიული მძიმე ბომბდამშენი საავიაციო დივიზიის მეთაური, 56 წლის გენერალ-მაიორი ნიკოლაი ვარპახოვიჩი…

სწორედ იმ საავიაციო დივიზიის, რომლის „დათვები“-Ту-95МС და „თეთრი გედები“-Ту-160 დისლოცირებული არიან სარატოვის ოლქის „ენგელსი-2“-ის სამხედრო აეროდრომზე და მათ მთავარ საბრძოლო ამოცანას წარმოადგენს ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების გაშვება აშშ-ის სტრატეგიული ობიექტებისკენ მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში, მანამდე კი ისინი… უკრაინის ქალაქებისკენ უშვებენ Х-555 და Х-101 ტიპის ფრთოსან რაკეტებს…

ეს სწორედ,რომ უკრაინული “წერტილოვანი“ შურისძიებაა, ისიც მიუთითებს, რომ რამდენიმე დღის წინ,31 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ ნიკოლაი ვარპახოვიჩს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. გამოძიების განცხადებით, 2024 წლის 8 ივლისს კიევში „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმის ბრძანება სწორედ ვარპახოვიჩმა გასცა.

…და სამ დღეში განაჩენიც აუსრულეს-ამ მომენტისთვის მძიმედ დაჭრილ რუსულ გენერალს რთული ოპერაცია ჩაუტარეს და სასწრაფოდ მოსკოვში გადააფრინეს შემდგომი ინტენსიური მკურნალობისთვის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საჯაროდ სდებს ბრალს მორიგ რუს გენერალს და რამდენიმე დღეში სწორედ ამ გენერალზე ხდება თავდასხმა მისი ფიზიკური ლიკვიდირებისთვის-ანალოგიური სიტუაცია გახლდათ რუსეთის რადიაციულ-ქიმიურ-ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურის გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის შემთხვევაში,რომელიც 2024 წლის 17 დეკემბერს მოსკოვში,საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსვლისას დანაღმული ელექტრო სკუტერით ააფეთქეს.

როგორც ჩანს, როდესაც მორიგი რუსი გენერლის, რომელმაც თავი „გამოიჩინა“ უკრაინის წინააღმდეგ ამ ომში, ლიკვიდაციის გეგმა უკვე გამზადებული აქვთ უკრაინულ სპეცსამსახურებს და საქმე მხოლოდ შესრულებაზეა, უკრაინა ოფიციალურად ბრალს სდებს ამ რუს გენერალს და „განაჩენსაც“ რამდენიმე დღეში უსრულებს…

უკრაინის დაბობმველი რუსული ავიადივიზიის მეთაურზე ასეთი “წერტილოვანი“ და იტალიური მაფიის სტილში შესრულებული ლიკვიდაციის მცდელობა ატარებს ერთგვარ დამაშინებელ ფაქტორსაც სხვა იმ რუსი სამხედრო მფრინავების მიმართ, ვინც აგრძელებენ უკრაინის ქალაქებისკენ რაკეტებისა და პლანირებადი საავიაციო ბომბების გაშვებას-უკრაინის სპეცსამსახურები პირდაპირ აფრთხილებენ რუს სამხედრო პილოტებს, რომ თითოეული მათგანის სახელი, გვარი ცნობილია და მალე მათი რიგიც მოვა…ჯერ ავიადივიზიის მეთაურისგან დაიწყეს…