მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის კარი გახსნილი იქნება, რათა ის რეფორმები გატარდეს, რაც ევროკავშირის სტანდარტებთან დაგვაახლოებს – ვიმედოვნებ, ამ მატარებელს ჩაებმებიან

ოპოზიციისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის კარი ფართოდ იქნება გახსნილი, რათა ის რეფორმები გატარდეს, რაც ევროკავშირის სტანდარტებთან დაგვაახლოებს – დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანები ვისაც ქვეყნის წარმატების მიმართ მცირეოდენი პასუხისმგებლობა აქვს, ამ მატარებელს ჩაებმებიან, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მ გააკეთა.
მისივე თქმით, „არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ საქმეები, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად გასულ წელს გაკეთდა, უმნიშვნელო იყო“.
„როგორც ჩანს, შარშანდელის მსგავსად ოპოზიციის ნაწილი შედარებით კონსტრუქციულად იქნება განწყობილი. მათ გაუჭირდებათ იმის თქმა, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან ეს ახსნადი და დასაბუთებადი არ არის – განსაკუთრებით იმ დროს, როცა ცდილობ აჩვენო, რომ კონსტრუქციულად განწყობილი ხარ. სამწუხაროდ, ოპოზიციის მეორე ნაწილი ისევ იმ მიზეზების ძიებას დაიწყებს, რაც შეიძლება პიარულად ასახსნელად გამოადგეთ, რომ მათთვის სამუშაო ჯგუფებში მუშაობა საინტერესო არ არის. სამუშაო ჯგუფებში ასეულობით საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდა. კარგი იქნებოდა, ოპოზიციას მცირე პასუხისმგებლობა გამოეჩინა და ამ ყველაფერში მონაწილეობა მიეღო. მათ მოვალეობა აქვთ, ყველგან, სადაც შესაძლებელია, მათი სიტყვა – მათი რეალური შეთავაზება და ინიციატივა ისმოდეს. ამას თავს რატომ არიდებენ? – ერთადერთი ახსნა აქვს, მათ არა აქვთ სურვილი, რომ ქვეყანას პროგრესი, განვითარება და გაუმჯობესება ჰქონდეს, რათა ეს წარმატება ხელისუფლებას არ მიეწეროს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ