"მთავარია მთავრობაში გყავდეს ხალხი... პატრულიც აგერ დგას.." - ავტომანქანები ბათუმის ბულვარის პრომენადზე [ვიდეო]
!["მთავარია მთავრობაში გყავდეს ხალხი... პატრულიც აგერ დგას.." - ავტომანქანები ბათუმის ბულვარის პრომენადზე [ვიდეო]](/wp-content/uploads/2026/04/bulvari-foto.jpg)
რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, პრომენადზე, სადაც ავტომანქანებით გადაადგილება აკრძალულია, უპრობლემოდ მოძრაობენ.
ავტომანქანების ბულვარში გადაადგილების ვიდეო 19 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე გადაიღო მოქალაქე ხათუნა ბერიძემ. ვიდეოში ჩანს, რომ ავტომანქანებს ბულვარში მდებარე რესტორანი G 17-დან სტუმრები გამოჰყავდა.
ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ მოძრაობენ ეს ავტომანქანები საპატრულო პოლიციის თვალწინ – საპატრულოს მანქანა იქვე, ბულვარის ერთ-ერთ შესასვლელთანაა გაჩერებული.
რამდენიმე ავტომანქანას აქვს სასტუმროს და კაზინო „ბილიონერის“ ლოგო.
როგორ გადაადგილდებიან ავტომანქანები ბულვარის პრომენადზე? რატომ არ ახდენს რეაგირებას ამ შემთხვევაზე სამართალდამცველები? – „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.