მეთიუ მილერი - სანდო გეგმის გარეშე ჩვენ სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას რაფაჰში მხარს არ ვუჭერთ
აშშ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გეგმის გარეშე რაფაჰში ისრაელის სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„სანდო გეგმის გარეშე, რომლის შესრულებაც მათ შეუძლიათ, ჩვენ სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას მხარს არ ვუჭერთ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულ მძევლების გათავისუფლების ოპერაციას სრულმასშტაბიან შეტევად არ განიხილავს.
დღეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ რაფაჰში სპეცოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც „ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლა. „ჰამასის“ ცნობით, რაფაჰში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.