მედია: შსს საიდუმლო წესით სატრანსპორტო საშუალებებს ყიდულობს – შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 7.6 მილიონი ლარია

შინაგან საქმეთა სამინისტრო საიდუმლო წესით სატრანსპორტო საშუალებებს ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

გამოცემის ხნობით, სამინისტრომ ასეთ შესყიდვაზე მხოლოდ წელს 3 განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მანქანების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 7.6 მილიონი ლარია.

შსს-ს განცხადების მიხედვით, ცნობილია, რომ სამინისტრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეისყიდის, თუმცა მათი დანიშნულება, ტიპი, მარკა, რაოდენობა და სხვა მახასიათებლები სრულად გასაიდუმლოებულია.

მსგავსი განცხადებები სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ქვეყნდება, თუმცა “ბათუმელების” ცნობით, ეს არ არის სტანდარტული, მაგალითად, ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, არამედ ესაა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.

შსს-ს განცხადების მიხედვით, “პროცედურაში მონაწილეობაზე დაინტერესებულ პირს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადაეცემა ინტერესის გამოხატვიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელზე”.

მსგავს პროცედურაში მონაწილეობა მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ.

პროცედურას თან ახლავს საიდუმლო შესყიდვის დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „შესყიდვის დოკუმენტაცია შედგენილია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილების საფუძველზე.“

ამასთან, პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარადგინოს ალტერნატიული წინადადება, ხოლო განმარტებების მიღება შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, მხოლოდ წერილობითი მიმართვის შემთხვევაში.

ყველა განცხადებაში აღნიშნულია, რომ “შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების, რაოდენობისა და საგარანტიო პირობების შესახებ ინფორმაცია დაინტერესებულ უფლებამოსილ პირ(ებ)ს გადაეცემათ შესაბამისი მომართვის საფუძველზე”.