მედია: ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა – ქერჩის ხიდი მთელი ღამით იყო ჩაკეტილი

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 23 ივნისის ღამის საათებში ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა და გაჩნდა რამდენიმე ხანძრის კერა, ხოლო ქერჩის ხიდი მთელი ღამის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.
უკრაინული Крымский ветер სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ქერჩის ნავთობტერმინალზე, რომელსაც უკრაინამ 21 ივნისს დაარტყა და მას შემდეგ ობიექტზე ხანძარია.
ხანძრის შესახებ ცნობები გავრცელდა ქერჩის შესასვლელთან და სოფელ ბაგეროვოსთანაც, სადაც S-300/S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემებია განლაგებული. ამასთან, ხანძარია პორტ კავკაზის ნავთობტერმინალსა და ქერჩის იუჟნაიას რკინიგზის სადგურზეც.
რუსული ტელეგრამ-არხის, КРЫМСКИЙ МОСТ-ის მიხედვით, რომელიც ყირიმის ხიდის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას ავრცელებს, 22 ივნისის 11:24 საათზე ხიდზე მიმოსვლა დროებით დაიხურა და მხოლოდ 5.5 საათის შემდეგ აღდგა.