სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელზეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ირაკლი ჭიშვილი და დავით მიქელაძე ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტად“ ცნობილ იმედა (კოტო) აბაშიძესთან ერთად სუფრასთან არიან. ფოტო თავად იმედა აბაშიძემ გამოაქვეყნა.
ღია წყაროებით თანახმად, იმედა (კოტო) აბაშიძე 2018 წელს ქურდული სამყაროს წევრობასა და ქურდულ შეკრებებში მონაწილეობაში იყო ბრალდებული. მაშინ სამართალდამცველებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 10 პირი დააკავეს. აბაშიძეც მათ შორის იყო.
„აჭარა თაიმსმა“ ირაკლი ჭიშვილსა და დავით მიქელაძეს შემდეგი კითხვებით მიმართა:
- სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოში თქვენ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან ერთად იმყოფებით. შეგიძლიათ განმარტოთ, რა ვითარებაში გადაიღეთ ეს ფოტო?
- რა მიზნით იმყოფებოდით მასთან ერთად რესტორანში და რას აღნიშნავდით?
- იცოდი თუ არა იმედა (კოტო) აბაშიძის ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირის შესახებ?
- „ქართული ოცნება“ არაერთხელ აცხადებს, რომ მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კრიმინალთან ბრძოლაა. ამ ფონზე, ხომ არ ეწინააღმდეგება თქვენს მიერ ასეთ პირთან ერთად გადაღებული ფოტო იმ პოლიტიკას, რომელსაც თქვენი გუნდი აცხადებს?





