მედია: „ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების აღსრულება 2026 წელს სახელმწიფოს ₾28.8 მლნ დაუჯდება – კანონპროექტი

„ტყის კოდექსში“ ცვლილებების შესატანად სახელმწიფოს საბიუჯეტო ხარჯები უნდა გაიზარდოს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტის მიხედვით, ცვლილებების შესრულება სახელმწიფოს მხოლოდ 2026 წელს 28.8 მლნ ლარი, ხოლო 2027-2029 წლებში, ყოველწლიურად 19 741 200 ლარი დაუჯდება.

პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, დღეისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ტყის უკანონო ჭრა რჩება. ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრევენციას, რაც ფიზიკური დაცვის ორგანიზებას, შესაბამის ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებს, კონკრეტულ ტერიტორიებზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრას და გეგმურ თუ არაგეგმურ მონიტორინგს საჭიროებს. მათივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ „ეროვნულ სატყეო სააგენტო“ ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქციას შეიძენს. ცვლილებების მთავარი მიზანი ტყეების უკეთ დაცვა, უკანონო ჭრების შემცირება და ამავდროულად, სატყეო სექტორის უფრო ეფექტიან და ნაკლებად ბიუროკრატიულ მართვაზე გადასვლაა. ამისთვის კი შეიქმნება „ტყის მცველის“ პოზიცია, ეროვნულ სატყეო სააგენტოში დამატებით 499 ადამიანის დასაქმდება და მერქნული რეალიზაციის დამატებითი მექანიზმის ამოქმედდება. საჭირო იქნება კონკრეტული სახის ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა, სატყეო გზების რეაბილიტაცია-მოწყობა, უნიფორმები და სხვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებები გავლენას იქონიებს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ისე მის შემოსავლებზე. უფრო კონკრეტულად კი:

სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს 2026 წლის ბიუჯეტიდან ცვლილებების შესრულებისთვის საჭირო ₾28.8 მილიონი შემდეგნაირად განაწილდება:

  • 499 თანამშრომლის 6 თვის ხელფასი – 6 705 000 ლარი;
  • ტექნიკა/აღჭურვილობა (950 სამხრე კამერა, 150 ფოტოხაფანგი, 1200 პლანშეტი, 9 რეგიონის პორტატული რადიოგადამცემი სადგური, 1200 რაცია, SMART პატრულირების პროგრამული უზრუნველყოფა, 54 ავტომანქანა პიკაპი, 2 ექსკავატორი) – 16,490,000 ლარი;
  • სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია – 4,795,000 ლარი, ჯანმრთელობის დაზღვევა – 110 000 ლარი;
  • უნიფორმა და ფეხსაცმელი – 500 000 ლარი;
  • ავტომანქანების საწვავი – 200 000 ლარი;
  • დაზღვევის ხარჯები, რომელიც დამოკიდებული იქნება შესყიდვის (ტენდერის) შედეგებზე.

2027-2029 წლებში ცვლილებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დამატებით 19 741 200 ლარი უნდა გამოიყოს:

  • 499 თანამშრომლის 12 თვის ხელფასი – 13 411 200 ლარი;
  • სატყეო გზების მოწყობა/რეაბილიტაცია – 5,000,000 ლარი;
  • დაზღვევა – 330,000 ლარი;
  • უნიფორმა და ფეხსაცმელი – 500 000 ლარი;
  • ავტომანქანების საწვავი – 500 000 ლარი;
  • დაზღვევის ხარჯები, რომელიც დამოკიდებული იქნება შესყიდვის (ტენდერის) შედეგებზე.
  • საპენსიო შენატანები – 6 თვეში დაახლოებით – 130 000 ლარამდე. ხოლო 2027-2029 წლებში წლიურად დაახლოებით- 270 000 ლარამდე. ამ თანხების ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება საპენსიო სისტემაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობაზე.

ვრცლად