მედია: “ოცნებამ“ სიგარეტზე აქციზის ცვლილება თავის კარის ბიზნესმენს, ვანო ჩხარტიშვილს მოარგო – კორუფციის მკვლევარები

ვის ინტერესებს ემსახურება სიგარეტზე აქციზის შერჩევითი ცვლილება? – ეს იყო კითხვა, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დასვეს.

სტუდია “მონიტორმა“ აქციზის და საგადასახდო კოდექსში ცვლილებების შესახებ მასალა მოამზადა. არსებობს ეჭვი, რომ რეალურად ცვლილებები ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილზეა მორგებული, რადგან ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც საქართველოში სიგარეტს აწარმოებს, მისი ოჯახის  საკუთრებაა.

2026 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ბაზარზე ახალი რეალობა დადგა. კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქცია ერთმანეთისგან საგადასახადო განაკვეთით გამიჯნონ:

იმპორტირებული სიგარეტზე აქციზის გადასახადი 85 თეთრით გაიზარდა (1.30-დან 2.75 ლარამდე). ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე კი 60 თეთრით შემცირდა (1.9-დან 1.3 ლარამდე).

როგორც გაირკვა, სიგარეტს ერთი კომპანია, სს „თბილისის თამბაქო“ აწარმოებს, მისი ბრენდი „პირველი“ ბაზარზე გაყიდვადი პროდუქტია.

„თბილისის თამბაქო“ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის საკუთრებაა. კომპანიის 2023-2024 წლების  ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, აქციების 50-50%-იან წილებს მისი შვილები, მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილები ინაწილებენ.

ფინანსური ანგარიშებიდან ჩანს, რომ კომპანიის შემოსავლები მაღალია:

  • 2022 წელი: 19,7 მილიონი ლარი (წმინდა მოგება).
  • 2023 წელი: 11.7 მილიონი ლარი (წმინდა მოგება);
  • 2024 წელი: 14.7 მილიონი ლარი (წმინდა მოგება).

ოპოზიცია და მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის ერთი კაცის ინტერესებისთვის გადადგმული ნაბიჯი და ამბობენ, რომ სწორედ ვანო ჩხარტიშვილის მითითებით და ლობირებით მოხდა კანონში ცვლილება.

ამ საგადასახადო შეღავათით სარგებლობს მხოლოდ და მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილის კომპანია, არც მომხმარებლისთვის მომხდარა სიგარეტის ფასის გაიაფება და ზოგადად, აქციზის შემცირება დაკავშირებულია მოზარდებში სიგარეტის მოწევის ზრდასთან. მიუხედავად ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევებისა, მიუხეავად იმის, რომ აქციზის გაიაფებით რეალურად სიგარეტის ფასიც არ შემცირდა, პირიქით, შემოტანილ თამბაქოსთან ერთად, ფასი გაძვირდა, ჩვენ მაინც ვხედავთ ერთ პირზე მორგებულ ცვლილებებს, რომლის მიზანიცაა ვანო ჩხარტიშვილმა მიიღოს საგადასახადო შეღავათი, ბიუჯეტმა დაკარგოს დიდი ოდენობით თანხები, რაც საბოლოოდ აჩენს კითხვას, რა ვალი აქვს ასეთი სახელწიფოს ვანო ჩხარტიშვილის წინაშე, რომ ასეთი ერთ პირზე მორგებული ცვლილებები ხდება, გასნაკუთრებით იმ სფეროში, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, – ამბობს საბა ბუაძე.

ეს არის უბრალოდ მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრების სპეცოპერაცია, რომელსაც ატარებენ ივანიშვილის დეპუტატები, – ამბობს კორუფციის მკვლევარი, დავით მჟავანაძე და მიიჩნევს, რომ „ოცნებამ“ საგადასახადო კოდექსი ვანო ჩხარტიშვილს მოარგო.

“ქართულ ოცნებამ“ ფაქტობრივად საგადასახადო კოდექსი მოარგო მისი კარის ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს. აქციზი შემცირდა იმ თამბაქოს ნაწარმოებზე, რომელიც საქართველოში წარმოება და ასეთი კომპანია მხოლოდ ჩხარტიშვილს გააჩნია რომელიც 15 – 20 მილიონიან საშუალო სუფთა მოგებას ნახულობს ამ კომპანიიდან. ეხლა აქციზის გადასახადის შემცირების შემდეგ ალბათ მისი მოგება 30 და 35 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, როგორი არის “ქართული ოცნების“ პასუხი მაშინ როცა მაგალითად საწვავზე აქციზის დროებით შემცირებაზე არის საუბარი, იმისთვის რათა ფასების სტაბილიზაცია მოხდეს, ისინი პასუხობენ რომ მათ ამის ამის საშუალება არა აქვთ, ბიუჯეტში ფულს ვერ მოაკლებენ სოციალურ პროგრამებს და დახმარებებს თურმე, მაგრამ როდესაც საქმე შეეხება მათი კარის ბიზნესმენის, მილიარდერი  ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის კიდევ უფრო მეტად გამდიდრებას და მისთვის რაღაც ფინანსურ შეწყობას, ამისთვის თურმე შესაძლებელია რომ ბიუჯეტს ფული მოაკლონ და აქციზი შეუმცურონ. ეს არის უბრალოდ მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრების სპეცოპერაცია, რომელსაც ატარებს ივანიშვილის რაღაცა დეპუტატები, რომლებსაც 13 ათასი ლარი აქვთ ხელფასი ცალკე და მეორეს მხრივ რაღაცა მილიონერი ბიზნესმენები, რომლებსაც მიტაცებული აქვთ ქონება, ამ შემთხვევაში ვანო ჩხარტიშვილის სახით, – ამბობს დავთ მჟავანაძე.