მედია: კრემლი „ქართულ ოცნებას“ აქებს — ოპოზიცია რუსეთის გავლენის ზრდაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომელშიც ის „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ მრავალვექტორულ პოლიტიკას აქებს, საქართველოში მწვავე პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტები აცხადებენ, რომ კრემლის პოზიტიური შეფასებები ქვეყნის დასავლური კურსის შესუსტებასა და რუსეთის გავლენის ზრდაზე მიუთითებს.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ზახაროვას შეფასება პირდაპირ ადასტურებს საქართველოს მზარდ დამოკიდებულებას რუსეთზე.

ქალბატონი ზახაროვა, ფაშისტური რეჟიმის პროპაგანდისტი შავით თეთრზე ძალიან მკაფიოდ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ყველანი ვამბობთ და ვხედავთ. ეს არის ის, რომ ქოცური რეჟიმის მმართველობის პირობებში საქართველო არის განუზომლად უფრო მეტად ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე, განუზომლად უფრო მეტად მიბმული პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთის ფაშისტურ ფედერაციაზე და სულ უფრო ნაკლებად დამოუკიდებელი და სულ უფრო ნაკლები პერსპექტივის მატარებელი ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ყველაფერი, რაც შემცირდა ევროატლანტიკური მიმართულებით, გაიზარდა რუსულ დსთ-ურ მიმართულებით, – ამბობს “ძლიერი სასქართველოს” ლიდერი გრიგოლ გეგელია. 

კრემლის გზავნილებში საფრთხეს ხედავს თეონა აქუბარდიაც, რომელიც ყურადღებას ოკუპირებული რეგიონების საკითხზე ამახვილებს.

ზახაროვა შემდეგში უკვე ცალკე სახელმწიფოებად საუბრობს როგორც ცხინვალზე და აფხაზეთზე და საუბრობს, რომ მათი ე.წ. დამოუკიდებლობის განმტკიცების და უსაფრთხოების დაცვისთვის ის გეგმავს, რაც სრულ ანექსიას გულისხმობს ჩვენი ოკუპირებული რეგიონის. შესაბამისად, ქება “ქართული ოცნების” კრემლისგან ნიშნავს მის წახალისებას, რომ კრემლის ინტერესები საბოლოო ჯამში მოვიდეს სრულყოფაში, – ამბობს თეონა აქუბარდია. 

მიმდინარე პროცესებს საგარეო პოლიტიკის კონტექსტში აფასებს ვიქტორ ყიფიანი, რომელიც ე.წ. მრავალვექტორული პოლიტიკის შინაარსზე საუბრობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან განცხადებებში და შეფასებებში თანხვედრა არათუ უსიამოვნო, არამედ უხერხული ხდება. ეს ერთი. ქართული მულტივექტორულობა არის ძალიან უნიკალური და რაში გამოიხატება, რომ მთავარი საყრდენი ვექტორი – დასავლური, თანდათანობით ხდება მისი ამოშანთვა და ამოშლა და თუ ეს ვექტორი არ სენარჩუნნდა როგორც საყდრენი, მაშინ სრულფასოვან, მრავალვექტორულობაზე საუბარი ზედმეტი იქნება, – ამბობს ვიქტორ ყიფიანი.  

ზახაროვას განცხადებას „ქართული ოცნების“ მიმართ კრემლის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებად აფასებს გია ბარამიძეც.

მერამდენეჯერ ხდება, რომ თავის შეგირდებს პუტინი და მისი რეჟიმი აქებს, უწონებს იმას, რაც არის სწორედ პუტინის გეგმა, რომ საქართველო მოწყვიტონ ჩვენს ნამდვლ მეგობრებს, -ს, ევროკავშირს, სხვა ცივილიზებულ ქვეყნებს და საქართველო დაამეგობროს ჰამასთან, ჩინეთის კომპარტიასთან, ბელარუსის კგბ-თან დადონ ხელშეკრულება და საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს, რომ დააბრუნონ საქართველო რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე, – ამბობს გია ბარამიძე. 

“ქართული ოცნების” ნაბიჯებს აქებს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთა “უხეში მცდელობების მიუხედავად, თბილისისთვის მოსკოვის მიმართ კონფრონტაციული კურსი თავს მოეხვია, საქართველომ არჩევანი მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთა”.

წყარო