მდინარაძე ფიქრობს, რომ აშშ-ის საელჩოს ფეისბუკგვერდს „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის, საელჩოს ფეისბუკგვერდს ქართული ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, მართავს. ამის შესახებ მდინარაძემ დაწერა საკუთარ სოციალურ ქსელში, როცა საელჩოს ფეისბუკგვერდის ფოტო გააზიარა.
საელჩო ბოლო დღეებია, ავრცელებს საინფორმაციო ფოტოებს („კარდს“), რომლებსაც საზოგადოების ნაწილი და მათ შორის „ქართული ოცნება“ მათ მიმართ გაკეთებულ განცხადებებად აღიქვამს.
დღეს, 4 ოქტომბერს, გამოქვეყნდა წარწერა: „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.
„ქართულ ოცნებას“ უნდა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ გააუქმოს. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მოიაზრებენ თითქმის სრულად ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, „ახალსა“ და „გახარია - საქართველოსთვის“.
„მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია ნაცმოძრაობისგან, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!“ - დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს გუშინ გავრცელებულ „კარდს“, რომელშიც ეწერა: „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. მდინარაძემ მიიჩნია, რომ ეს განცხადება საელჩოს „საარჩევნო მიზნების“ გამო გამოქვეყნდა.
ბოლო თვეებია, აშშ და მისი საელჩო საქართველოში საუბრობენ საქართველოს მხრიდან დასავლეთის მიმართ გაჟღერებულ დეზინფორმაციაზე.
დეზინფორმაციის გავრცელება, ანტიდასავლური ქმედებები და აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ უარყოფითი რიტორიკა იყო მიზეზები, რის გამოც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტისას, აშშ-ის მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე მოსაწვევი გაუუქმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.