ყოფილი პარლამენტარი ბესიკ ლაგვილავა:
ვიცი! რადგან გადაწყვიტეს დაანგრიონ – დაანგრევენ. არ შერცხვებათ! და არც სინდისი შეაწუხებთ!
სამწუხაროდ, ეს თითქმის გარდაუვალია.
რიყის „დოქებს“ – თანამედროვე კი არა, ფუტურისტული, ანუ მომავლის არქიტექტურის ფაქტობრივად ერთადერთ ასეთ ნიმუშს თბილისში, რომ მასზე ლაპარაკი დიდხანს არ გაგრძელდეს – საზოგადოებასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, ალბათ, მალე, დაჩქარებული, ტემპით დაანგრევენ.
მახსოვს, როცა ააშენეს, როგორ გამოდიოდა ზოგიერთი არქიტექტორი ამ შენობის წინააღმდეგ. მაშინ ერთი კითხვა გამიჩნდა, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია:
კი მაგრამ, მაჩვენეთ თქვენი შექმნილი შედევრები! მაჩვენეთ, თქვენი პროექტებით აშენებული სახლები, სასახლეები!
უსახური სტალინკები? ხრუშჩოვკები? კოლმეურნეობის დაბალჭერრიანი ფერმები, მახინჯი, ტიპიური, (სამარცხვინოა) კულტურის სახლები, ერთმანეთზე მიწყობილი კორპუსები, რომლებმაც ქალაქს ჰორიზონტი წაართვეს?
რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. საბედნიეროდ, აქა იქ გვყავდა და გვყავს გამორჩეული არქიტექტორებიც. მაგრამ სწორედ ამიტომაა კიდევ უფრო მტკივნეული, როდესაც განსხვავებულს ებრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულია და მათ შეზღუდულ ტვინში შობილზე უკეთესია!
როდესაც „დოქებს“ დაანგრევენ, მერე უკვე ვერაფერი შეაჩერებს კომერციულ ინტერესს.
ნანგრევებზე აუცილებლად წამოიჭიმება კიდევ ერთი გრძელი, უსახური კომპლექსი – სასტუმრო, საოფისე, საცხოვრებელი… ალბათ, ყველაფერი ერთად.
ქალაქს მხოლოდ შენობები არ ქმნის. ქალაქს ქმნის სივრცე, სული და მეხსიერება, ძველის და ახლის კონტრასტები!
როცა რიყის დოქებს დაანგრევენ, იმ დღეს მრავალი წლით დაინგრევა თავად რიყის პარკის სტრუქტურა და სული.
იმ პარკის, სადაც შვილიშვილთან ერთად ვვარჯიშობ, ვისვენებ და თავს ქალაქში, სადაც დასასვენებლად ადგილი აღარდარჩა, ჯერ კიდევ მეტნაკლებად კომფორტულად ვგრძნობ!
იქნებ, მართლაც ააშენონ უკეთესიო – იტყვის მავანი და ვეტყვი, ნახეთ რას დაამსგავსეს მდინარის მეორე ნაპირზე ბოტანიკური ბაღის მიმდებარე და ლეღვთუბანის ტერიტორია?! ბეტონის ურჩხულები, დანგრეული კლდეები და შეცვლილი რელიეფი! ეს არქტიტექტურა კი არა ურბანული კატასტროფა და ქალაქის ისტორიული ნაწილის შეურაცხყოფაა! და მეორეც, თუკი “უკეთესის” აშენება სურთ, ხომ არ ჯობია ეს “უკეთესი” სხვაგან, ვთქვათ აეროპორტისკენ დადგან? ააა… იქ აშენებული იაფია?! კომერციული ინტერესია სუსტი?!
და მთავარი არგუმენტი! მე აღარ მაქვს იმდენი წელი, რომ ამ „უკეთესს“ ველოდო.
მე იმ პარკში, სანამ შემიძლია, კიდევ მრავალი წელი მინდა შვილიშვილთან ერთად სიარული და არა ბეტონის მანქანების და ბეტონის პომპების ხრიალის სასმენად… არამედ დასასვენებლად!
თბილისის ცენტრში რეკრეაციული სივრცეები ისედაც თითებზე ჩამოსათვლელია. ქალაქი ისე ივსება ბეტონით, რომ დილით გაიღვიძებ და აღმოაჩენ რომ კორპუსი შენს საკუთარ სახლში ტუალეტში კი არა, საძინებელშიც ჩაუდგიათ უკვე!
გავიხსენოთ!.
1889 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენისთვის (Exposition Universelle) და საფრანგეთის რევოლუციის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად. იგი ჩაფიქრებული იყო როგორც გამოფენის მონუმენტური შესასვლელი(!) და საფრანგეთის ინდუსტრიული ძლიერების სიმბოლო, რომელიც 20 წელიწადში უნდა დაეშალათ!
საბედნიეროდ, ვიღაცას ეყო ჭკუა.
დღეს, ეიფელის კოშკი პარიზის სავიზიტო ბარათია.
საქართველოში კი ხშირად არა ჭკუა, არამედ სიხარბე იღებს გადაწყვეტილებებს.
სიხარბეს არასოდეს აუშენებია კულტურა. სიხარბე მხოლოდ კვადრატულ მეტრებს აშენებს.
რიყის „დოქები“ თბილისს მოუხდა.
დიახ, ისინი ფუტურისტულია. და სიტყვა „ფუტურისტული“ სასაცილო კი არა, სწორედ მომავლისკენ მიმართულს ნიშნავს.
არ ვეთანხმები მათაც, ვინც ამბობს, რომ ამ შენობის გამოყენება შეუძლებელი იყო.
შესაძლებელი იყო.
თუნდაც იმავე კულტურული დანიშნულებით, რისთვისაც აშენდა! რა თქმა უნდა ვერ მოიტანდა იმდენ შემოსავალს, რამდენსაც გაქირავებული საოფისე ფართი და სასტუმრო ქალაქის შუაგულში… მაგრამ ყველაფერი ფულით როდი იზომება, თორემ ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი და თანამედროვე ქართველი “სატენდერო ბიზნესმენები” და ყბადაღებული “მილიონერი დეპუტატები”, ქართველი ერისთვის უფრო დიდი პერსონები იქნებოდნენ, ვიდრე გურამ დოჩანაშვილი, რომელიც ზამთარში უსახსრობის გამო იყინებოდა!
აგერ, „ბლექ სი არენა“ დგას. სახელმწიფო მასაც ინახავს, მიუხედავად იმისა, რომ იქ კონცერტები წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ იმართება.
რატომ?
იმიტომ, რომ არსებობს რაღაც, რასაც ეკონომიკურ ანგარიშზე მაღალი და მნიშვნელოვანია და ჰქვია “კულტურული მნიშვნელობა”.
2000 წლის წინ რომაელებმა კარგად იცოდნენ – ხალხს მხოლოდ პური არ სჭირდება.
სულიერების შიმშილი ბევრად ადრე კლავს!
თუ კულტურას აღარ დავტოვებთ, რაღა დაგვრჩება?
თურქული თუ ქართული სერიალები, რომლებშიც ადამიანის ღირსება, ოჯახი და სიყვარული ხშირად ყველაზე იაფ საქონლადაა ქცეული?
ჩემმა ძალიან დაკვირვებულმა ძმამ Malkhaz Lagvilava ერთხელ მითხრა:
– სწორედ ამ სერიალებმა შექმნეს ოჯახური ცხოვრების ისეთი ილუზია, რომ ბევრ ახალგაზრდას აღარც ოჯახის შექმნა უნდა, აღარც პასუხისმგებლობა, აღარც შვილების გაზრდა, აღარც შრომა… იდეალი გახდა დილის ყავა, თუნდაც, მოსალოდნელ შუადღის მშიერ კუჭზე და ლამაზი სელფი და ცხოვრება ვალდებულებების გარეშე.
შეიძლება, ამ მოსაზრებაზე ვიკამათოთ.
მაგრამ ერთზე ვერ ვიკამათებთ:
პატარა ერში კულტურა შეუძლებელია იყოს მასობრივი და აქედან გამომდინარე ძააალიან იშვიათად არის მომგებიანი.
მაგრამ კულტურის გარეშე პატარა ერი საერთოდ აღარ იარსებებს.
გი დე მოპასანი ეიფელის კოშკის რესტორანში ხშირად
– ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც ეს მახინჯი კოშკი არ მოჩანსო.
შემდეგ ადგა და სოფელში გადაცხოვრდა!
დღეს კი მილიონობით ადამიანი სწორედ იმ „მახინჯი“ კოშკის სანახავად ჩადის პარიზში.
ასეა თბილისის “მშვიდობის ხიდიც”.
ასეა რიყის „დოქებიც“.
საქართველოში ჩამოსული ათი ტურისტიდან ცხრა სწორედ აქ იღებს ფოტოს. და ეს არის თანამედროვე თბილისის მთავარი სავიზიტო ბარათი!
ხშირად დრო ამარცხებს კრიტიკოსებს.
ვეძებე და,, ვერსად ვნახე “რიყის დოქების” კრიტიკოსთა შემოქმედების ნიმუშები! მხოლოდ ტიპიური კორპუსები, კოლმეურნეობის დანგრეული ფერმები და ჩემი სამეგრელოდან დაწყებული კახეთით დამთავრებული ერთი პროექტით აშენებული ე.წ. “კულტურის სახლები”…
კულტურა – უმეცრების და უზნეობის წინააღმდეგ #1 იარაღია, მაგრამ… ხანდახან ისიც უძლურია!
იცოდეთ, კულტურა უმეტესად ვერ ამარცხებს სიხარბეს, პოლიტიკურ კონიუქტურას…
ისიც ვიცოდეთ, კულტურა ყოველთვის ძვირი ღირს. მაგრამ მისი დანგრევა გაცილებით ძვირი ჯდება.
ამიტომ, თუ გვინდა, რომ მომავალ თაობებს მხოლოდ ბეტონი კი არა, ქალაქიც დავუტოვოთ, პასუხი ძალიან მარტივია:
რიყის „დოქები“ არ უნდა დაინგრეს!
რადგან ქალაქი და ქვეყანა, რომელიც საკუთარ სიმბოლოებს ანგრევს, თავადაც განწირულია დანგრევისთვის, გაქრობისთვის!




