მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა. გამოცემა 24 news-ის მიხედვით, 40 ცხვარზე მეტი მოკვდა.
როგორც ტაბუას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მწყემსი დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით.
უწყების ცნობით მწყემსი ადმინისტრაციული კოდექსის 127-ე მუხლით დაჯარიმდა, რაც ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევას, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევას გულისხმობს.
მუხლის მიხედვით, “საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
1. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილების წესების დარღვევა – გამოიწვევს მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილებისთვის პასუხისმგებელი პირის (მეხრის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − მეპატრონის) დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ავტომაგისტრალზე ან საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: პირუტყვის მესაკუთრეს არ უნაზღაურდება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად პირუტყვის დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანი.” – წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.