მარკო რუბიო – აშშ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პირობებს შეისწავლის

აშშ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პირობებს შეისწავლის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„საუდის არაბეთში ჩვენი შეხვედრის შემდეგ რუსებმა მთელი რიგი პირობები ჩამოთვალეს, რომელთა შესრულება სურთ, ამიტომ ჩვენ მათ შესწავლას ვაპირებთ“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნა ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნას ეხება.
„ამერიკელი ოფიციალური პირები იმუშავებენ, რათა უკეთ გავიგოთ რუსეთის პოზიცია და ის, თუ რას ითხოვენ სანაცვლოდ, შემდეგ კი ამას პრეზიდენტს წარვუდგენთ და შემდეგი ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა საუდის არაბეთში 23-25 მარტს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ინდივიდუალური განცხადებები გამოაქვეყნა. ორივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა და რუსეთი აშშ-სთან შეთანხმდნენ „შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის არგამოყენებასა და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე“.
მოგვიანებით, საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ საკუთარი განცხადება კრემლმაც გამოაქვეყნა და შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნა მოითხოვა, მათ შორის, სასანქციო შეზღუდვების მოხსნა „როსსელხოზბანკის“ და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან სურსათით საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების უზრუნველყოფაში; სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების განხორციელებაზე შეზღუდვების მოხსნა; სასანქციო შეზღუდვების მოხსნა პორტებში გემების მომსახურებასა და რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებზე, რომლებიც ჩართულნი არიან სურსათით ვაჭრობაში; შეზღუდვების მოხსნა რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდებაზე, ასევე სხვა საქონლის, რომელიც სურსათის წარმოებაში გამოიყენება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?