მარკესის შვილები მის ბოლო რომანს გამოსცემენ, რომლის გასაჯაროებაც მწერალს არ სურდა
გაბრიელ გარსია მარკესის შვილები მისი ბოლო ტექსტს გამოაქვეყნებენ, იმის მიუხედავად, რომ თავად მწერალმა მათ უთხრა, რომ წიგნი გაენადგურებინათ.
BBC-სთან ინტერვიუში გაბრიელ გარსია მარკესის ერთ-ერთმა ვაჟმა გონსალომ წიგნის გამოქვეყნების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიცოცხლის ბოლო პერიოდში გაბრიელ გარსია მარკესი არ იყო შესაბამის მდგომარეობაში, რომ ადეკვატურად განესაზღვრა ნამუშევრის ღირებულება და ის მხოლოდ ტექსტის ნაკლებს ხედავდა. შვილის სიტყვებით, მან ტექსტის წაკითხვისას მამამისის ახალი, უნიკალური მხარე დაინახა.
"ჩვენ ამის შესახებ სამი წამი ვფიქრობდით - იყო თუ არა ეს ჩვენი მშობლების, მამაჩემის სურვილების ღალატი. გადავწყვიტეთ, რომ დიახ, ეს ღალატია. მაგრამ ამისთვის არიან შვილები" - თქვა გაბრიელ გარსია მარკესის შვილმა გონსალო გარსია ბარჩამ.
გონსალო გარსია ბარჩამ ასევე აღნიშნა, რომ ადრე თუ გვიან აღნიშნული ტექსტი აუცილებლად გამოქვეყნდებოდა და ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ გასაჯაროებულიყო წიგნის ის ვერსია, რაც მათ აარჩიეს.
კოლუმბიელი ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის ბოლო დაახლოებით 100-გვერდიანმა რომანმა "აგვისტომდე" ლიტერატურის კრიტიკოსებისგან წინააღმდეგობრივი შეფასებები მიიღო. The Guardian-ის კრიტიკოსი ტექსტს აღწერს, როგორც ბუნდოვან სკეჩს, ერთგვარ ლიტერატურულ ჩანახატს. მარკესის ბოლო რომანი შუა ხნის ასაკის ქალზეა, რომელიც ყოველ ზაფხულს კუნძულზე დედის საფლავს სტუმრობს და ყოველ წელს კუნძულზე ახალ საყვარელთან ერთად ჩადის იმის მიუხედავად, რომ დაქორწინებულია.
გაბრიელ გარსია მარკესი 2014 წელს გარდაიცვალა და ლიტერატურაში მაგიური რეალიზმის ერთ-ერთ უმთავრეს წარმომადგენლად ითვლება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.