ოზურგეთში სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად არ ასრულებს – კომპანიის მიმართ, სხვა ადგილზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, „არაჯეროვნად და დანაშაულებრივად შესრულებული ვალდებულებები არავის შერჩება“.
„ოზურგეთში სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც – ძალიან რბილად რომ ვთქვათ – თავის მოვალეობას მთლად კეთილსინდისიერად არ ასრულებს. ამ კომპანიის მიმართ, სხვა ადგილზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება. რაც არ უნდა შეაყოვნოს თავისი ვალდებულებების შესრულება, ამ ჩინურ კომპანიას და სხვა კომპანიასაც ნებისმიერს თავისი ვალდებულებების პირნათლად შესრულება მოუწევს.
სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი კომპანიების ნაწილი ძალიან შეეჩვია ბოლო წლების განმავლობაში იმას, რომ ჯეროვნად არ შეასრულებდნენ საკუთარ ვალდებულებებს და შემდეგ ეს შერჩებოდათ ხოლმე. მე ვაძლევ გარანტიას ყველას, რომ არავის შერჩება არაჯეროვნად და მით უმეტეს დანაშაულებრივად შესრულებული ვალდებულებები. თუ აკეთებ საქმეს, კეთილი ინებე და გააკეთე ისე, რომ ხარისხზე მერე მოსახლეობამ ვერ იწუწუნოს და სათქმელი არ ჰქონდეს არც ხელისუფლებასთან, არც კომპანიასთან და არც საკუთარი დისკომფორტის ფასად უნდა გადაადგილდებოდეს საკუთარ სახლებთან, საკუთარ რეგიონებში, თუ ქალაქებში. ამიტომ, ყველას მოუწევს ვალდებულებების შესრულება, ამას უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




