გიგა ფარულავა გიორგი გვარაკიძეს: ბატონო გიორგი, რატომ არ გამოკითხეთ გავრილოვის მასპინძლები:  და ? 20 ივნისის საქმეს ცალმხრივად იძიებთ?

დღეს საზოგადოებას აქვს კითხვები სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე, უკანონო დაკავებებზე, ცრუ მოწმეების გამოყენებაზე, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე – ასობით დასისხლიანებული და ნაწამები ადამიანის ფონზე, მხოლოდ 5 პოლიციელის დაკავება 2 წლის დაგვიანებით არის არა მართლმსაჯულება, არამედ ძალადობის წახალისება, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის„ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რა დროსაც გენერალურ პროკურორ, გიორგი გვარაკიძეს მიმართავდა.

ფარულავას თქმით, პროკურატურა მმართველი გუნდის ხელში შერჩევითი მართლმსაჯულების აღმსრულებელ პოლიტიკურ იარაღად იქცა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რეალური მოძალადეების დასჯის ნაცვლად, პროკურატურა იქცა რეპრესიულ მანქანად, რომელიც დღეს „ოცნების“ ხელში არის პოლიტიკური იარაღი და თავის რესურსს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე ხარჯავს.

„ბატონო გენერალურო პროკურორო, თქვენს მიერ ანგარიშში წარმოდგენილი სტატისტიკისა და თვითრეკლამის მიღმა ობიექტური რეალობის გათვალისწინებით ნათელად ჩანს, რომ დღეს საქართველოს წინაშე დგას მართლმსაჯულების სისტემის ღრმა, ინსტიტუციური კრიზისი. სამწუხაროდ, პროკურატურა მმართველი გუნდის ხელში იქცა შერჩევითი მართლმსაჯულების აღმსრულებელ პოლიტიკურ იარაღად.

ბოლო წლებში ჩვენ ვიხილეთ სისტემური ძალადობის, მშვიდობიან აქციებზე -მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმების, დაკავებულთა არაადამიანური მოპყრობისა და წამების არაერთი მძიმე ფაქტი, რაც ასახულია, როგორც სახალხო დამცველის ასევე საერთაშორისო ანგარიშებში, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში. დღეს საზოგადოებას აქვს კითხვები სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე, უკანონო დაკავებებზე, ცრუ მოწმეების გამოყენებაზე, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე. თუმცა, ამ ყველაფერზე თქვენი პასუხი არ ყოფილა სისტემური – არ გვინახავს პასუხისმგებლობაში მიცემული ბრძანებების გამცემი პირები, ძალადობის ორგანიზატორები თუ დანაშაულის მფარველები. ასობით დასისხლიანებული და ნაწამები ადამიანის ფონზე, მხოლოდ 5 პოლიციელის დაკავება 2 წლის დაგვიანებით არის არა მართლმსაჯულება, არამედ ძალადობის წახალისება. და სწორედ ამ ძალადობის წახალისების გამოვლინება იყო გორში პოლიციელების მიერ ჯგუფურად სასტიკად ნაცემი მოქალაქე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია 4 ოქტომბრის პროვოკაციული რევოლუციური სცენარი, რომელიც „ოცნებამ“ და მოსყიდულმა, მავნებელმა ოპოზიციამ დაგეგმეს და განახორციელეს, რაც მდინარაძემაც აღიარა პირდაპირ ეთერში, საზოგადოებას დღემდე არ აქვს პასუხები ამ პროცესში პოლიციის როლზე და წინასწარ ორგანიზებულ პროვოკაციებზე.

რეალური მოძალადეების დასჯის ნაცვლად, პროკურატურა იქცა რეპრესიულ მანქანად, რომელიც დღეს „ოცნების“ ხელში არის პოლიტიკური იარაღი და თავის რესურსს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე ხარჯავს.

პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის ნათელი მაგალითია გიორგი გახარიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა. შეგახსენებთ ამ პოლიტიკური დევნის რეალური საფუძველი ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადებაა, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ გახარიას და მისი გუნდის წევრების გასასამართლებლად ყველა დოკუმენტი უკვე სასამართლოს დონეზე ჰქონდათ დალაგებული და ისინი მკაცრ სასჯელს მიიღებდნენ.

გიორგი გახარიაზე ორი ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა, პირები იდენტიფიცირებულები არიან და ამაზე გამოძიება არ დაგიწყიათ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაგიკისრებიათ! ეს არის თქვენი ობიექტური გამოძიება! ნათელია, რომ თქვენ ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარი ინსტრუმენტი ხართ.

თქვენ ხართ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გენერალური პროკურორი, რომელიც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს ასამართლებს ქართული მიწის დაცვის, უკანონო ბორდერიზაციის შეჩერებისა და ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩორჩანაში, ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გამო. თქვენ ფაქტობრივად ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკითა და პრეტენზიებით ხელმძღვანელობთ. თქვენი მთავარი სამიზნე გახდა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესს რეალური ნაბიჯებით აღუდგა წინ და არ დაუშვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. 1922 წლის რუკების აღიარება.

ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და სუვერენიტეტის მიზანმიმართული დაზიანება.

დღეს როდესაც თვალს ვადევნებთ ჩვენი ისტორიული მიწების სამაჩაბლოს რუსეთის ტერიტორიად გაფორმების უმძიმეს პროცესს. ხელისუფლებას არ აქვს უნარი განცხადება მაინც გააკეთოს რუსული ანექსიის წინააღმდეგ. სამაგიეროდ საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკით ასამართლებთ გახარიას ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული მიწის დასაცავად პოლიციის საგუშაგოს განთავსებისთვის.

ბატონო გიორგი, თქვენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, პოლიტიკური შეკვეთით წაუყენეთ ბრალი გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე.

ამაოდ ცდილობთ საზოგადოების მოტყუებას და ამ პოლიტიკური დევნის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებას. ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ დაადგინა ფაქტი, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია.

უფრო მეტიც, თქვენივე უწყების ბრალდების დადგენილება ადასტურებს, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია. ვციტირებ: „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოქალაქეთა მიმართ დაიწყეს არალეტალური იარაღიდან რეზინის ტყვიების გამოყენება, რაც ცნობილი გახდა გიორგი გახარიასთვის“.

შესაბამისად, დამისახელეთ ერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი გახარიამ ვინმეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება დააორგანიზა!

გვითხარით საჯაროდ, არსებობს თუ არა თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც გახარიას მიერ ბრძანების გაცემას ან დანაშაულის ორგანიზებას ადასტურებს? ასეთი ბუნებაში არ არსებობს!

და ბოლოს – ბატონო გიორგი, რატომ არ გამოკითხეთ გავრილოვის მასპინძლები:  და ? 20 ივნისის საქმეს ცალმხრივად იძიებთ?

ბატონო პროკურორო, ჩორჩანას საქმე და პოლიტიკური ოპონენტების დევნა არის ტესტი იმისა, თუ ვის ემსახურება საქართველოს პროკურატურა – სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს თუ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ვიწრო პარტიულ ინტერესებსა და შიშებს. ეს არის მძიმე პოლიტიკური და ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერანაირი ფორმალური ანგარიში, განმარტება და სამთავრობო პროპაგანდა ვერასოდეს ჩამოგირეცხავთ!“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.