მამა ანდრია: არსებობს ალფეევის ვიზიტის სრული ფირი, ვთხოვ, ახლა მაინც დადუმდნენ ამ თემაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ TV იმედთან ინტერვიუს დროს წარადგინა კადრები და თქვა, რომ არსებობს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევიის 2017 წლის ვიზიტის ჩანაწერი, რომელსაც სრულად გამოაქვეყნებს. დეკანოზი ანდრიას გამოსვლის პარალელურად, ტელეკომპანია იმედის ეთერში გადიოდა ნაწყვეტები მიტროპოლიტი ილარიონის ვიზიტიდან. კადრებში ჩანს, რომ შეხვედრას საპატრიარქოში არაერთი სასულიერო პირი და მღვდელმთავარი ესწრება, მათ შორის დეკანოზი ანდრიაც.

კადრებში ვხედავთ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტი ილარიონი საპატრიარქოს ტოვებს პატრიარქთან პირისპირ აუდიენციის გარეშე.

დეკანოზმა ანდრიამ განმარტა, რომ აღნიშნული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ: “ვთხოვდი უბრალოდ იმ ხალხს, ვინც დიდი ხანია სპეკულაციას ეწევა ამ თემაზე, რომ ახლა მაინც იქნებ დადუმდნენ ამ თემაზე, თითქოს ალფეევის ჩამოსვლას რამე უკავშირდება”.

“მე ფირი გამოვაგზავნე ალფეევის ვიზიტის შესახებ, მოვიძიეთ ეს საპატრიარქოს არქივიდან და უნიკალურია, პირველად ნახავს მაყურებელი. ეს არის ალფეევის ვიზიტი 2017 წლის 1 ნოემბერს. ამ კადრებში არის სრულად გადაღებული, როგორ მობრძანდება რუსეთის საგარეო ურთერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ხვდება პატრიარქს, საუბარი არის სხვადასხვა თემაზე. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მზადდებოდა კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ახალი ეკლესიის შექმნის საკითხი და ეს იწვევდა ძალიან დიდ დაძაბულობას როგორც რუსეთში, ასევე კონსტანტინოპოლის მხარეს. და საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელები ხან ერთი ეკლესიიდან, ხან მეორიდან ჩამოდიოდნენ და ეს იყო ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც ისინი ეძებდნენ მომხრეებს, რადგან ეს პროცესი საკმაოდ მწვავე იყო.

აქ მეუფე ილარიონმა პატრიარქს გაახსენა, რომ მას სურდა აფხაზეთის თემაზე შეექმნა კომისია და ამას მოჰყვა ის, რომ პატრიარქმა უთხრა, რომ “აქ, ჩვენთან არის წარმოშობით სოხუმელი მღვდელმთავარი, გრიგოლ კაცია. ის წამოაყენა, გააცნო და ისურვა, რომ ეს კომისია შედგეს, რომელიც აფხაზეთის თემაზე ისაუბრებს. ზოგადად პატრიარქი არასდროს უშვებდა ხელიდან საშუალებას, რომ აფხაზეთზე არ ესაუბრა. სრულად გადაღებულია როდის შემოდის ილარიონ ალფეევი, მერე რა ხდება შიგნით – ზამთრის ბაღი აჩვენა პატრიარქმა. ამ ფირს დავდებ მთლიანად, რომ მაყურებელმა ნახოს. და ბოლოს გაცილება.

ვის წარმოუდგენია, რომ ეკლესიის პირველ პირს ვიღაც სხვა ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდეს და არავინ დაისწროს პატრიარქმა და რაღაც ასეთი საუბარი შედგეს. ეს სრულიად წარმოუდგენელია პროტოკოლურადაც. მადლობა ღმერთს, რომ ეს ჩანაწერი არსებობს. მე ვთხოვდი უბრალოდ იმ ხალხს, ვინც დიდი ხანია სპეკულაციას ეწევა ამ თემაზე, რომ ახლა მაინც იქნებ დადუმდნენ ამ თემაზე, თითქოს ალფეევის ჩამოსვლას რამე უკავშირდება.

[…] ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სპეკულაციები არ ჩერდება, ჩვენ არ უნდა ავყვეთ დაპირისპირების სცენარებს. […] ამ ფირის გაშვება რამდენი ხნის წინ შეგვეძლო. უბრალოდ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეკლესიას აქვს ძალიან დიდი რესურსი სიმყარის და ყოველწუთს არ გვჭირდება ჩვენ თავის მართლება. ახლა განსაკუთრებული ვითარება არის და გადავწვიტე ეს გამესაჯაროებინა და ენახა ხალხს. – თქვა დეკანოზმა.

საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების მაშინდელი ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი 2017 წლის 1 ნოემბერს ეწვია. 23 ნოემბერს, პატრიარქმა მისივე ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი შიო, მოსაყდრედ დაადგინა.

მოგვიანებით მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი კირილმა საგარეო პოსტიდან გადააყენა და ბუდაპეშტის მიტროპოლიტად დაადგინა. ილარიონმა იქ წაიყვანა იაპონური წარმომავლობის სტიქაროსანი, რომელმაც მას რომანტიკული ხასიათის ჩანაწერები გამოუქვეყნა და შევიწროებაში დასდო ბრალი. სკანდალის შემდეგ ილარიონი გადადგა.