ლობჟანიძის მაგარი გოლები მესის გუნდთან - ქართველმა მაიამის "ინტერს" 8 მატჩიანი მოგებათა სერია დაუსრულა [VIDEO]
MLS-ის მე-17 ტურში მაიამის "ინტერმა" "ატლანტა იუნაიტედს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა. ამ მარცხით "ფლორიდელების" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა.
საბამ პირველი გოლი 44-ე წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, მეორე ტაიმში კი მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 62-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში შეამცირა, აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა გოლის გატანა ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა. 73-ე წუთზე თავის გამოჩენა "ატლანტას" ფორვარდმა ჯამალ ტიარემ მოახერხა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
საბამ მიმდინარე სეზონში "ატლანტას" მაისურით 15
მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლობჟანიძე ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო სიაში დაასახელა.
საქართველოს ნაკრები 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს, ჰამბურგში - ჩეხეთს, ხოლო, 26 ივნისს, გელზენკირხენში - პორტუგალიას. ევროპის ჩემპიონატამდე სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან 9 ივნისს ჩაატარებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.