ქირურგი ლევან ფერაძე:
მეგობრებო, ამ ცის ქვეშ ახალი არაფერი ხდება, მითუმეტეს როცა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფები. ის რაც გუშინ გააჟღერა ვინმე ქართველიშვილმა, მე-19 საუკუნის რუსეთის ულტრარადიკალური მოძრაობა შავრაზმელების (Черносотенцы) იდეოლოგიის ქართულ ფანდურზე გადამღერებაა. მათი ლოზუნგი იყო:
„მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა, ხალხურობა“
(Православие, Самодержавие, Народность)
ეს ნიშნავდა:
მეფის შეუზღუდავი ძალაუფლების მხარდაჭერას;
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს;
რუსული ეთნიკური ნაციონალიზმის ქადაგებას;
ლიბერალიზმის, სოციალიზმისა და დემოკრატიის უარყოფას;
ძლიერი ანტისემიტიზმის, ანტიპოლონური და ანტიუკრაინული განწყობების გავრცელებას.
შავრაზმელები ცნობილი გახდნენ:
ებრაელების წინააღმდეგ პოგრომების ორგანიზებითა და წახალისებით;
პოლიტიკური ოპონენტების ცემითა და მკვლელობებით;
უნივერსიტეტებში, გაზეთებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმებით;
მოსახლეობაში სიძულვილის პროპაგანდით.
1905–1907 წლებში მათ მონაწილეობა მიიღეს ათეულობით მასობრივ ძალადობრივ აქციაში, განსაკუთრებით უკრაინის, ბელარუსისა და სამხრეთ რუსეთის ქალაქებში. ათასობით ადამიანი შეეწირა ამ ძალადობას.
ყველაზე ცნობილი იყო:
რუსი ხალხის კავშირი;
მთავარანგელოზ მიქაელის კავშირი.
ოხრანკა (იმპერიული საიდუმლო პოლიცია) ფორმალურად არ მართავდა შავრაზმელებს, თუმცა ისტორიკოსთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ მათ შორის არსებობდა მჭიდრო თანამშრომლობა.
აფინანსებდა ან ირიბად ეხმარებოდა ზოგიერთ შავრაზმულ ორგანიზაციას;
აწვდიდა ინფორმაციას პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შესახებ;
ხშირად თვალს ხუჭავდა მათ მიერ ჩადენილ ძალადობაზე;
ზოგიერთ შემთხვევაში იყენებდა მათ, როგორც არაოფიციალურ დამსჯელ რაზმებს.
ალბათ ყველას გახსოვთ ფრაგმენტი “დათა თუთაშხიადან” როგორ შეესწრება თბილისში ჩამოსული ცნობილი აბრაგი შავრაზმელი მოიერიშეების მიერ ახალგაზრდა შეყვარებულების ხიშტებით ჩახოცვას. ეს ისტორიულ რეალობასაც შეესაბამება. 1905 წელს თბილისში მართლაც მოხდა შავრაზმელთა ძალადობრივი გამოსვლები, ხოლო რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციასა და ოხრანკას მათთან თანამშრომლობა არაერთ ისტორიულ კვლევაში არის აღწერილი.
დღეს მეფის მაგივრად ივანიშვილი გვიზის, “ოხრანკის” ნაცვლად – ФСБ, მხოლოდ შემსრულებლები არიან ისევ ის ჭკუათხელი და კუნთმაგარი, რუსულ ფულზე გაწუწკებული, უვიცი და უწიგნური ჯეელები.
მე გულწრფელად მეცოდებიან ეს ადამიანები. ისინი წამიერი მოგებისა და რაღაც სახელისუფლებო შეღავათების გამო, პირველ რიგში საკუთარ მომავალს კლავენ. ხვალინდელ საქართველოში არც მათი, არც ФСБ-ს და არც ივანიშვილის ადგილი აღარ იქნება. საქართველოს მომავალი ეკუთვნის განათლებულ, მოუსყიდავ, ლაღ და თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ანუ ყველა იმას ვინც დღეს, ამ უბედურ ადამიანებს, თავიანთ პოტენციურ მსხვერპლად მიაჩნიათ.
ბოლომდე!
დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!




