„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ვიქტორ ჯაფარიძე „მაინერების“ ქსელით ძარცვავდა ქართულ სახელმწიფოს და ახლა მოვიდა დრო, ყველამ პასუხი აგოს. ფარულავამ დღევანდელ ბრიფინგზე ხელისუფლებას მოუწოდა, დაასახელონ კონკრეტული ადამიანები, ვინც „ბიტკოინ-მაინინგის“ ქსელის უკან დგანან.
„მაღალი ფასები და გაძვირებული ცხოვრება პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ კორუფციულ დაჯგუფებას, რომელმაც თავისი კორუფციული წილი ჩადო დენის ტარიფში. ამის კონკრეტული მაგალითია ბიტკოინ-„მაინერების“ ქსელი გლდანში და სვანეთში, კერძოდ, მესტიაში, რომლის ფასსაც ჩვენი თანამოქალაქეები იხდიან უკვე გაძვირებული დენის ტარიფით. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა მდინარაძემ სვანეთში „მაინერების“ წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება დააანონსა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ „მაინერები“ ამოიღო, ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით – კონკრეტული დაჯგუფება იპარავდა ხალხის რესურსს, ელექტროენერგიას ისე, რომ არცერთი ლარი ბიუჯეტში არ შედიოდა. ეს არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ტოტალური ძარცვა. ჩვენ მოვითხოვთ, დასახელდეს კონკრეტული სახელი და გვარები. თუ ვინმეს აინტერესებს, ვინ დგას ამ სქემების უკან, ამაზე უკვე ციხიდან მოიწერა ლევან ხაბეიშვილმა და ამხილა ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც იყო და არის ამ კორუფციული სქემის დირიჟორი. ამის გამო გაუძვირდათ ჩვენს თანამოქალაქეებს ცხოვრება და არა მხოლოდ დენის ტარიფი გაძვირდა – დენის ტარიფის გაძვირების გამო გაძვირდა პროდუქტები, ცხოვრება და ამ კორუფციული წილის ფასს ჩვენი თანამოქალაქეები იხდიან. ამიტომ, კონკრეტული დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და არა ჩვენი თანამოქალაქეები მესტიაში. ამიტომ, მოვუწოდებთ მამუკა მდინარაძეს, ირაკლი კობახიძეს, რომ კონკრეტული დამნაშავეები დაისაჯონ. ეს კონკრეტული პიროვნება უკვე დაასახელა ლევან ხაბეიშვილმა, ეს არის ვიქტორ ჯაფარიძე. მისი ჯგუფი სწორედ „მაინერების“ ქსელით ძარცვავდა ქართულ სახელმწიფოს და ახლა მოვიდა დრო, ყველამ აგოს პასუხი“,-განაცხადა ფარულავამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო – ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. მაინერები.




