ლაშა ტუღუში: უნგრეთის მაგალითია, რომ ყველაფრის მიუხედავად შეიძლება მოიგო, ამ ველში უნდა შეხვიდე, ოღონდ სწორად – 2028 წელს რომ არჩევნებია, ამაზე დღეიდან უნდა იმუშაო, ბოლო 40 დღე მოსაგებად საკმარისი არ იქნება

უნგრეთის არჩევნებმა აჩვენა, რომ არჩევნების გზით ავტორიტარიზმის დამარცხება შესაძლებელია, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებდა ადმინისტრაციულ რესურსს და არღვევდა მთავარ პრინციპს, რომ სისტემა უნდა იყოს ნეიტრალური, არჩევნებში მაინც დამარცხდა.

„მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო, პროკურატურა პოლიტიზებული იყო, არჩევნებით მაინც ვერ მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში ძალიან ძლიერი პოზიციები ჰქონდათ, მაჟორიტარული მოდელი იყო ძალიან „მეგობრული“ ორბანის მიმართ, თუმცა რეგიონებშიც წააგო.

დასკვნა უნდა იყოს ასეთი- ყველაფრის მიუხედავად, არჩევნებით შეგიძლია დაამარცხო ასეთი ტიპის რეჟიმი. ეს არის ის გამოცდილება, რასაც უნგრეთი გვასწავლის. უნგრეთში ძალიან მძიმე ვითარება იყო. სხვათა შორის, მედია უფრო მონოპოლიზებული არის, ვიდრე საქართველოში. 400-მდე მედიასაშუალება ჰქონდა კონტროლის ქვეშ ვიქტორ ორბანს. წარმოუდგენელი ვითარებაა, რომელიც ბევრ თვალსაზრისით ევროპული სინამდვილიდან ამოვარდნილია. ძალიან ჰგავს საქართველოს. არის განსხვავებები, მაგრამ მაინც ჰგავს. ჩემთვის ეს იყო ნათელი მაგალითი, რომ ყველაფრის მიუხედავად შეიძლება მოიგო. ამ ველში უნდა შეხვიდე, ოღონდ სწორად.

რა უნდა ქნან ოპოზიციურმა ძალებმა? ძალიან ძნელია ასე გარედან უთხრა, რა უნდა ქნან, მაგრამ ძალიან მორიდებულად ვიტყოდი: თუ ისინი ამ პოზიციას გაიზიარებენ, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყონ ერთიანად მუშაობა ამ მიმართულებით. რაც შეიძლება მეტმა ოპოზიციონერმა, მეტმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიზიაროს ეს მიდგომა ან არ გაზიაროს. ბოლო 40 დღე, 2 ან 6 თვე საკმარისი არ იქნება მოსაგებად. თუ გინდა მოიგო, უკვე ისედაც დაგვიანებულია, მაგრამ დღეს უნდა იფიქრო, 2028 წელს რომ იქნება და იმუშაო დღეიდან. ეს მუშაობა უნდა იყოს გეგმური და ძალიან ინტენსიური. უნგრეთის არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ ცოცხალი, კონკრეტული ურთიერთობები ადამიანებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ცოცხალი ურთიერთობა გაქვს, ადამიანები დაგიჯერებენ, ოღონდ სიმართლე უნდა უთხრა, არ უნდა მოატყუო და მათი ინტერესები უნდა გაითვალისწინო“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა „ქართული ოცნება“ უნგრეთში ისევ სასურველი სტუმარი, ლაშა ტუღუშის აზრით, ღონისძიებები, რომელიც ბუდაპეშტში იგეგმებოდა, ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოა.

„ულტრამემარჯვენე, პოპულისტური ძალები იკრიბებოდნენ, რომლებიც ევროკავშირს აჯანჯღარებდნენ. აბსოლუტურად განსხვავებული იდეოლოგიური ჩარჩო აქვთ და განსხვავებულად უყურებენ ევროპის მომავალს. ძირითადად, ისინი ევროსკეპტიკოსები არიან და იმ წესრიგს ეწინააღმდეგებიან, რომელიც დღეს არსებობს. ამ თავყრილობაში ჩემი ხელისუფლება რატომ უნდა მონაწილეობდეს, როცა ქვეყნის ინტერესების საპირისპიროა?! ეს ხაზი აუცილებლად მოკვდება, რადგან პეტერ მადიარი არ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას. დაესვა წერტილი ამ ვაკჰანალიას, რომელსაც ვუყურებდით“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.